„მიეცით წამალი ბავშვებს” — დედაქალაქში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელსაც „ქართული ოცნება” და ეკლესია „ოჯახის სიწმინდის დღის” სახელით აღნიშნავს, მეტროსადგურ „რუსთაველთან” სულ სხვა სახის პროტესტი გაიმართა. ეტლში მსხდომი ბავშვები, მათი მშობლები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ ხელში წითელი ბუშტებით.
„აქ მოვედით, რომ ადამიანებს ვუთხრათ — ოჯახი ჩვენი საყრდენია. ბავშვები ჩვენი მომავალია. მოვუწოდებთ, დაგვეხმარონ ჩვენი შვილების გადარჩენაში,” — განაცხადა კახა წიქარიშვილმა, რომლის შვილსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს.
დიუშენის სინდრომი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული და მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა — ყოველი 3 000 ბიჭიდან ერთი ამ სინდრომით იბადება. პირველი ნიშნები 2–5 წლის ასაკში ჩნდება, 10 წლიდან ბავშვების უმეტესობა კი სიარულის უნარს კარგავს. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წელია, თუმცა თანამედროვე მედიკამენტებით 10–20 წლით გახანგრძლივება შეიძლება. საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ადამიანია, უმეტესობა — ბავშვი.
ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებს ეუბნება, რომ მოთხოვნილ მედიკამენტებთან დაკავშირებით კვლევები ჯერ არ დასრულებულა. ხელისუფლება პოლიციაზეა — ოჯახებს ღამის გასათენებლად საჭირო ნივთების მიტანის უფლებაც კი არ ეძლევათ.