"შეშლილი დიქტატორი", რომელმაც 150 ოპოზიციონერი შობის ღამეს მოკლა
ეს არის წარმოუდგენელი ისტორია ადამიანზე, რომელმაც თავისი ქვეყანა ტერორისა და სიგიჟის სპირალში ჩაითრია. ადამიანი, რომელიც მე-20 საუკუნის აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რეჟიმს მართავდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კი დაუნდობელ მეთოდებს იყენებდა. ეს კაცია ფრანსისკო მასიას ნგუემა - ეკვატორული გვინეის “შეშლილი დიქტატორი”.
დიქტატორის აღზევება
ისტორია იწყება 1924 წლის ეკვატორული გვინეის პატარა სოფელში, რომელიც მაშინ ესპანეთის კოლონია იყო. ფრანსისკო მასიას ნგუემა დაიბადა მოკრძალებულ ოჯახში, საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიური მმართველობის სისასტიკით იყო დათრგუნული. მამა სახალხო მკურნალი გახლდათ. პატარა ფრანსისკო კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით ის სასამართლოს მდივანი, შემდეგ კი თარჯიმანი გახდა. კოლონიური ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სწრაფად დაწინაურდა: თავდაპირველად დედაქალაქ მალაბოს მერად, შემდეგ საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრად და მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტადაც კი. როგორც მისი ბიოგრაფიის მკვლევარები აღნიშნავენ, ნგუემა ადრეული ასაკიდანვე ავლენდა თავისებურ ტემპერამენტს, ძალაუფლების წყურვილს და სხვების მიმართ ღრმა უნდობლობას. მისი მეთოდები იყო სასტიკი, ზოგჯერ მზაკვრული, მაგრამ ეფექტური. 1968 წელს ეკვატორულმა გვინეამ დამოუკიდებლობას მიაღწია და ნგუემა, თავისი ქარიზმის წყალობით, მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იქცა. პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში მგზნებარე ნაციონალისტური კამპანია ჩაატარა, ანტიკოლონიური რიტორიკის გამოყენებით, რომელიც სავსე იყო ესპანელი კოლონიზატორების მიმართ სიძულვილით. ის ხალხს ისეთ მომავალს დაჰპირდა, რომელშიც ეკვატორული გვინეა თავისუფალი და აყვავებული იქნებოდა. ნგუემამ პოტენციური მეტოქეები გაანადგურა. მის მთავარ ოპონენტს, ბონიფაციო ონდო ედუს შეთქმულებაში დასდეს ბრალი. მთავარი მეტოქის განადგურების შემდეგ, ნგუემამ ადვილად მოიგო არჩევნები და ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი გახდა.
სისხლიანი წმენდა
მაგრამ ის, რაც ახალგაზრდა ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გამხდარიყო, სწრაფად გადაიქცა კოშმარად. ნგუემამ მალევე გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნაცვლად, მისი მმართველობა საშინელ დიქტატურაში გადაიზარდა. პრეზიდენტობიდან სულ რამდენიმე თვეში რეპრესიების უპრეცედენტო სისტემა შექმნა. კრიტიკოსები, პოლიტიკური ოპონენტები, ინტელექტუალები - ყველა, ვისაც შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი ავტორიტეტი - გაანადგურა. პრეზიდენტმა შექმნა ფაშისტურის მსგავსი საიდუმლო პოლიცია, რომელიც შედგებოდა უპირობო მორჩილებისთვის გაწვრთნილი ახალგაზრდა მამაკაცებისგან. ეს შეიარაღებული დანაყოფი გახდა ნგუემას რეპრესიების მთავარი საყრდენი, რომელიც აღწევდა უბნებსა და სოფლებში, აკონტროლებდა და აფიქსირებდა ნებისმიერ საეჭვო ქცევას. ოპონენტების დევნამ კულმინაციას 1969 წელს მოწყობილი სასტიკი და სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტით მიაღწია: შობის ღამეს მალაბოს ეროვნულ სტადიონზე 150 პოლიტპატიმარი შეშინებული ბრბოს წინაშე აღლუმით ჩაატარეს. სანტა კლაუსის კოსტიუმებში გადაცმულმა ჯარისკაცებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს და ყველა, ვისაც ისინი “ერის მტრად” მიიჩნევდნენ, ადგილზე ჩაცხრილეს. ამ საჯარო ხოცვა-ჟლეტის მიზანი იყო გზავნილი მოწინააღმდეგეთათვის: ნებისმიერი ოპოზიცია სისხლით აგებდა პასუხს! გააგრძელეთ კითხვა