← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] "დრიბლინგებით და სისწრაფით გამორჩეული"... ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი გარემარბი შეუერთდა | Lelo.Ge

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად]

ბათუმის “დინამოში” კიდევ ერთი ბრაზილიელი ახალწვეულია - კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 27 წლის მარცხენა გარემარბმა, პაულო ვიტორმა, ზღვისპირელებთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის, ბათუმელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პორტუგალიურ “პორტიმონენსესთან”, ვისთანაც ვიტორს კონტრაქტი აკავშირებდა.

ის სახელგანთქმული “ვასკო და გამას” აღზრდილია. იქვე დაიწყო სისწრაფითა და დრიბლინგებით გამორჩეული ახალგაზრდის პროფესიული კარიერა. 2017 წელს ვიტორს დებიუტი ჰქონდა მთავარ გუნდში.

ამის შემდეგ მან არაერთი ცნობილი კლუბის - “ალბასეტესა” და “ვალიადოლიდის” (ორივე - ესპანეთი), “რიუ ავესა” და “პორტიმონენსეს” (ორივე - პორტუგალია), ბრაზილიური “კრუზეიროსა” და უკრაინული “კარპატის” მაისურით 200-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და შეასრულა 12 “ასისტი”.

რაც შეეხება სანაკრებო ასპარეზს, აქ ვიტორს უთამაშია ტულონის პოპულარულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც ის ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა (3 მატჩი).

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ბრაზილელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა: “მიხარია, რომ ისეთი ისტორიული კლუბის ნაწილი გავხდი, როგორიც “დინამო ბათუმია”. ჩემი სურვილია, ამ მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და კლუბს წარმატებაში დავეხმარო”, - ამბობს ვიტორი, რომელიც ბათუმელებს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.

← მთავარი