[ექსკლუზივი] ...ფორვარდი ნორვეგიიდან, ცენტრალური მცველები გერმანიიდან და ბელგიიდან, მარცხენა მცველი სენეგალიდან... ევროთასების წინ "დილაში" მნიშვნელოვანი მატებაა...
სულ მალე გორის “დილა” კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს ევროასპარეზზე. კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელთა მეტოქე სან მარინოს “ვირტუსი” იქნება. “ლელომ” ინტერვიუ ჩაწერა “დილას” სპორტულ დირექტორ ზურაბ ხორგუაშვილთან და მისგან ექსკლუზიური სიახლეებიც შეიტყო…
-
სულ ცოტა ხნის წინ “დილა” ბერძენმა სპეციალისტმა, დიამანტის (აკის) ვავალისმა ჩაიბარა. მას ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს. რა შეგიძლიათ თქვათ ახალ მწვრთნელზე?
-
აკისი შესანიშნავი პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანია. ცხადია, ხშირად ვსაუბრობთ ფეხბურთზე, ჩვენს კლუბზე… პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კარგი სტრატეგია. დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. ერთი შემიძლია ზუსტად ვთქვა - ის თავისი საქმის პროფესიონალია.
-
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილას” მეტოქე სან მარინოს “ვირტუსია”. “დილა” წყვილის ფავორიტად მოსჩანს, მაგრამ ისიცაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება…
-
“ვირტუსს” გამუდმებით ვსწავლობთ. აქედანვე შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი, მებრძოლი გუნდია. ევროთასების წინა გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა. ბევრი იტალიელი ფეხბურთელი ჰყავს. ახლა მწვრთნელი შეიცვალა, სპორტული დირექტორიც ახალი ჰყავთ…
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. მზად ვართ ბრძოლისთვის. თანამედროვე ფეხბურთში იოლი მეტოქე არ არსებობს. ეს კარგად ვიცით. აგერ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რა ამბები ხდება - მარტო არგენტინისა და კაბო ვერდეს თამაში რად ღირს, როგორი ევროპული ნაკრებები გავარდნენ - გერმანია, ნიდერლანდები…
-
“ვირტუსთან” გამარჯვების შემთხვევაში, კვიპროსული ბარიერი გელოდებათ, რომელიც ბევრად რთული იქონება…
-
მოდით, ჯერ “ვირტუსზე” ვიყოთ კონცენტრირებულები. გავიაროთ ეს ბარიერი და მერე ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე…
-
ამ რამდენიმე დღის წინ “დილამ” თბილისის “დინამოდან” ნანა-კოფი დონკორი დაიმატა. რას ელით ამ ახალწვეულისგან?
-
მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ გუნდს გამოადგეს. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მჯერა, გუნდს სარგებლობას მოუტანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ “დინამოში” სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.
-
ნორვეგიულმა მედიამ დაწერა, “დილაში” წარმოშობით ლიბერიელი, მაგრამ ნორვეგიაში მოთამაშე ფორვარდის, ფრანკლინ ნიენეტუეს სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე. ეს საკითხი რა სტადიაზეა?
-
უკვე გადაწყვეტილია და ის ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ცხადია, ბევრს ველით მისგან. ბრმად არ აგვიყვანია, ვიცით მისი საუკეთესო თვისებები.
-
ასევე დაიწერა კონგოელი საყრდენის, ფრედერიკ ლოკის სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე. ეს ინფორმაცია ესპანურ მედიაში გავრცელდა…
-
ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ვმუშაობთ და ვცდილობთ, “დილა” მაქსიმალურად გავაძლიეროთ. დავიმატეთ ძალიან საინტერესო მარცხენა მცველი, სენეგალელი მოჰამედ დიუფი დანიური “მიდტიულანდიდან”. ასევე გერმანელი ცენტრალური მცველი ლამარ იორბრიუგე. ძალიან კარგი ბიჭია, გერმანიის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა. ასევე გვყავს ბელგიელი მაიკ ნელსონ პოეკეტი, ცენტრალური მცველია და მისიც ძალიან გვეიმედება.
-
ახალი ფეხბურთელების მოსვლა კარგია, მაგრამ პირველ მატჩამდე რამდენიმე დღე რჩება და რთული არ იქნება მათი ადაპტაცია გუნდთან, გარემოსთან…?
-
გასაგებია თქვენ კითხვის შინაარსი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფეხბურთელები “დილას” ევროთასებზე გამოადგებიან.
-
“დილადან” ხომ არავინ წასულა?
-
ამ ეტაპზე მხოლოდ ფორვარდმა დავით გოცირიძემ დაგვტოვა. ევროთასებამდე შეიძლება კიდევ იყოს სიახლე…