[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი] დილა 3:1 ვირტუსი. ...სხვა სცენარი არ განიხილება! | Lelo.Ge
კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
დილა 3:1 ვირტუსი
09.07. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
გოლები: 0:1 ბენინკაზა (3), 1:1 შეყილაძე (8. გოგობერიშვილის პასით), 2:1 ანოფი (14), 3:1 კანტე (68. შეყილაძის პასით)
დილა (4-3-3): კერესელიძე - სანიანგი, კიკაბიძე, ჟოაო არაუჟო, ჯალაღონია - ანოფი, ტალი (54. კუაკუ), მენთეშაშვილი - გოგობერიშვილი (46. კანტე), ფარულავა (65. დონკორი), შეყილაძე (84. კობახიძე)
მწვრთნელი: დიამანტის ვავალისი
ვირტუსი (4-4-2): პასანიტი - დი პოლინა, იაჰია რაბიე, ჩაჩი, დე სანტისი (79. გორი) - ლომბარდი, გოლინუჩი (75. დე ლუჩია), ამატი (84. გასპერონი), ბონოკუნტო (84. სატალინო) - სკაპინი, ბენინკაზა (46. სანტი)
მწვრთნელი: ლუიჯი ბიძოტო
გაფრთხილება: ამატი (6), ტალი (30), ფარულავა (53), გასპერონი (90)
არბიტრი: მ. ბოშკოვიჩი (მონტენეგრო)
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის “დილამ” საშინაო ასპარეზზე სან მარინოს “ვირტუსს” 3:1 მოუგო. კარგია, როცა ქართული კლუბი იგებს და, ცხადია, გორელთა წარმატებამაც ყველა გაახარა.
ცუდი ისაა, რომ ქართველმა ქომაგმა, აგერ უკვე მერამდენედ, ეს შეხვედრა ვერცერთი ტელეარხის მეშვეობით ვერ იხილა. დეტალები ჩვენთვის საინტერესო ვერაფრით იქნება. მთავარია ქომაგის ინტერესი. ორი აზრი არ არის, თუნდაც სპორტულმა არხებმა უნდა აჩვენონ ის, რაც ხალხს აინტერესებს. მთელი წელი ველოდებით ევროტურნირებს და რატომ არ უნდა ხერხდებოდეს ჩვენი ქვეყნის შუაგულიდან ერთი რეპორტაჟის მოწყობა?
მადლობა იმას, ვინც თამაშის “ლინკი” დადო სოციალურ ქსელში. ცხადია, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ, თამაშებს დავესწროთ, მაგრამ რა ქნას უბრალო გულშემატკივარმა, ვისაც მილიონი პრობლემა აქვს და თან გორიდან შორს ცხოვრობს. ან რამდენს დაიტევს სტადიონი?
რაც შეეხება კონკრეტულად მატჩს, სანმარინოელებმა, რომ იტყვიან, გამარჯობის თქმა არ გვაცალეს და ეგრევე გაგვიტანეს. უნდა ითქვას, რომ “დილა” არ დააბნია ასეთმა დასაწყისმა. დიამანტის ვავალისის გაწვრთნილმა გუნდმა მალევე იგდო ხელთ სათამაშო უპირატესობა.
ჯერ შოთა შეყილაძემ, მერე კი ბლანკსონ ანოფმა ქომაგები ძლიერ გაახარეს. შეყილაძეზე ცალკე უნდა ვთქვათ - გორელთა ცენტრფორვარდი, რომელიც ახლა ოპტიმალურ სათამაშო ფორმაშია, მასპინძელთა შემადგენლობაში აშკარად საუკეთესო იყო - გოლს საგოლე გადაცემაც მიამატა.
მეორე ტაიმის შუაწელში სწორედ შეყილაძემ შექმნა გორელთა მესამე გოლი, რომელმაც ალბათ ბევრი რამ გაარკვია ორრაუნდიან დუელში. შოთამ ფლანგზე გაილაღა და შესანიშნავი გადაცემით ბურთი თავზე დაასვა შეცვლაზე შესულ მოჰამედ კანტეს.
“დილას” ამის შემდეგაც და იქამდეც ჰქონდა საგოლე შანსები, მაგრამ მეტის გატანა ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, მატჩის მიწურულს დიდებული მომენტი ჰქონდათ სტუმრებსაც, თუმცა ამ შემთხვევაში “ვირტუსის” შემტევი სათამაშო კლასის ნაკლებობამ დააღალატა.
აღსანიშნავია, რომ “დილას” სამწვრთნელო შტაბმა თადარიგში დატოვა ის ახალწვეულები, რომლებიც გორულ კლუბს ამ რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ.
საფიქრებელია, რომ ისინი თანდათანობით შეეჩვევიან ახალ გუნდს და საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდებიან - შეხვედრაში, რომელშიც “დილამ” საბოლოოდ უნდა გაიფორმოს მომდევნო ეტაპზე გასვლა. სხვა სცენარი არ განიხილება!