კადიროვის კრიტიკოსებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში დაიღუპა
ჩეჩნური წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტი არტურ დენისულთანოვი, ცნობილი მეტსახელით „დინგო”, — რომელიც საზღვარგარეთ კადიროვის კრიტიკოსების მკვლელობებსა და მათზე თავდასხმებში იყო ეჭვმიტანილი — უკრაინის საომარ ზონაში დაიღუპა. ინფორმაციას Kavkaz.Uzel ავრცელებს.
გამოცემა „მედიაზონამ” სამოქალაქო რეესტრის გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დენისულთანოვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ოფიციალურ გარდაცვალების თარიღად 2024 წლის 2 ნოემბერია მითითებული. ჩეჩნეთში, ქურჩალოის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გარდაცვალება 2024 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა.
დენისულთანოვის სახელი 2017 წელს გახდა განსაკუთრებით ცნობილი, როდესაც იგი უკრაინაში ადამ ოსმაევზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დააკავეს. უკრაინული გამოძიების ვერსიით, დენისულთანოვი ჟურნალისტის ყალბი ვინაობით მიუახლოვდა ოსმაევს და შემდეგ ცეცხლი გახსნა. შეტაკებაში ოსმაევის მეუღლემ საპასუხო სროლით დაჭრა თავდამსხმელი. სხვა საქმეებშიც, მათ შორის უმარ ისრაილოვის მკვლელობაში ავსტრიაში, მის სახელს ახსენებდნენ, თუმცა ბრალეულობა სასამართლომ არ დაადასტურა.
2023 წლის თებერვალში მოსკოვის სასამართლომ დენისულთანოვს 37 მილიონი რუბლის თაღლითობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოში ის ამტკიცებდა, რომ სასჯელის შემსუბუქებას იმსახურებდა, ვინაიდან აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელაღსრულების კოლონიიდან ფრონტზე გაგზავნეს. დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოსთან ახლოს.