← მთავარი
სამართალი

მძიმე დამნაშავე, რომელმაც "დელის რეზონანსული მკვლელობა საქართველოდან დაგეგმა" — 18-თვიანი დევნა, მიმალვა თბილისიდან ბათუმამდე და წარმატებული დაჭერა

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მძიმე დამნაშავე, რომელმაც

ინდოეთის ჰარიანას შტატის სპეცდანიშნულების რაზმმა (STF) ერთ-ერთი ყველაზე რთული და მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია დაასრულა. 18-თვიანი დევნის შემდეგ, მათ ინდოეთში მოახდინეს 29 წლის ვაინკეტ გარგის ექსტრადიცია - კაცი, რომელიც ცნობილი განგსტერის, ლოურენს ბიშნოის მარჯვენა ხელი და კრიმინალური ქსელის ტვინია. ოპერაციას განსაკუთრებულ სირთულეს ისიც მატებდა, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება არ არსებობს. თუმცა, დიპლომატიამ და სამართლებრივმა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო. მაგისტრი, რომელიც კრიმინალური სინდიკატის ბოსი გახდა გარგი ტიპური დამნაშავე არ არის. მას ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი აქვს კომერციის დარგში, თუმცა განათლება კრიმინალური იმპერიის ასაშენებლად გამოიყენა. მის წინააღმდეგ ინდოეთში 34 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - მკვლელობები, გამოძალვა, შეკვეთილი მკვლელობები და იარაღის უკანონო ვაჭრობა. 2024 წლის დეკემბერში, როდესაც ის გირაოთი იყო გარეთ გამოშვებული, რა დროსაც ყალბი მისამართითა და დაჩქარებული წესით პასპორტი აიღო და დელიდან ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაფრინდა, 2025 წლის 26 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდა. სანამ საქართველოში დასახლდებოდა, გარგს ამერიკაში არალეგალურად შეპარვა ჰქონდა განზრახული. მან ამერიკაში არალეგალურად შესვლისთვის მგზავრობაში სხვადასხვა სააგენტოებს 17 მილიონი რუპია (დაახლოებით 200,000 დოლარი) გადაუხადა. თუმცა, გეგმები მას შემდეგ ჩაეშალა, რაც ინდოეთში კონკურენტმა ბანდამ მასზე თავდასხმა მოაწყო და მძიმედ დაშავდა. ამას დაემატა აშშ-ის მიერ საზღვრის კონტროლის გამკაცრებაც და გარგმა გეზი ევროპისკენ - კერძოდ, საქართველოსკენ აიღო. მიმალვა თბილისიდან ბათუმამდე და თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოში ჩამოსულმა გარგმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ ინდოეთში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (კონკურენტი ბანდების მხრიდან). თუმცა, ინდოეთის სპეცსამსახურებმა ქართველ სამართალდამცავებს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ მასზე თავდამსხმელები უკვე ციხეში ისხდნენ და გარგს საფრთხე კი არა, მართლმსაჯულება ელოდა. ძებნილი განგსტერი კვალის აბნევას თითქმის მთელ საქართველოში ცდილობდა: ის პერიოდულად იცვლიდა ადგილსამყოფელს და მოგზაურობდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

მისი გაქცევის სერია 2025 წლის სექტემბერში, ბათუმში დასრულდა, სადაც ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. მას შემდეგ გარგი ქართულ სასამართლოებში ექსტრადიციის გადაწყვეტილებასა და თავშესაფარზე უარს აქტიურად ასაჩივრებდა, თუმცა ყველა სამართლებრივი ბერკეტი ამოეწურა. კრიმინალი დისტანციურად: ბრძანებები საქართველოდან ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ საქართველოში ყოფნის დროსაც კი, გარგი არ წყვეტდა კრიმინალურ საქმიანობას. ინტერნეტისა და თავისი ასისტენტების დახმარებით, ის დისტანციურად მართავდა ბანდას ინდოეთში, კავშირი ჰქონდა აშშ-სა და პორტუგალიაში მყოფ თანამზრახველებთან და რამდენიმე სისხლიანი გარჩევა, მათ შორის დელიში მომხდარი რეზონანსული მკვლელობაც, სწორედ საქართველოდან დაგეგმა. ინტერპოლის „წითელი ცირკულარითა“ და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, გარგის ინდოეთში დაბრუნება მაინც მოხერხდა. ვინაიდან საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები არ არის, სპეცოპერაციის ფარგლებში მისი ტრანზიტი ყაზახეთმა უზრუნველყო. ინდოელი გამომძიებლების თქმით, გარგის დაკავება უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი დაკითხვით ისინი იმ საერთაშორისო კრიმინალური ქსელის სქემებს გაშიფრავენ, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კი შეუფერხებლად მუშაობდა.

← მთავარი