← მთავარი
მსოფლიო

დაკრძალეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დაკრძალეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ქალაქ მეშჰადში, მერვე შიიტი იმამის რეზას სალოცავში, დაკრძალეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოკლული ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველივე დღეს დაიღუპა, დაკრძალვა მომხადრიდან მეხუთე თვეს შედგა.

3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს. ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი, სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა.

ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარ თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენეს. ხუთშაბათს, 9 ივლისს კი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალეს.

დაკრალვის ცერემონიაზე, უკანასკნელი ლოცვა აღავლინა მისმა უფროსმა ვაჟმა, მუსტაფა ხამენეიმ. თუმცა ისლამური რესპუბლიკის ახალი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ცერემონიას კვლავ არ დასწრებია. მისი არყოფნა დაკრძალვის ხუთდღიანი პროცესის განმავლობაში, ხამენეის სხვა სამი ვაჟის ყოფნის პირობებში კითხვის ნიშნებს აჩენდა. ის საჯაროდ საერთოდ არ გამოჩენილა თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ალი ხამენეი ირანს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი ბევრი ირანელისთვის ასოცირდებოდა რეპრესიებთან, დაშინებასთან, დაპატიმრებებსა და მკაცრ პოლიტიკურ თუ სოციალურ შეზღუდვებთან.

ხამენეის მიერ თავისი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ, ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებამ, ირანში COVID-ის ვაქცინების დროულად მიწოდებისთვის ხელის შეშლამ და სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ, ჩამოაყალიბა მისი, როგორც ურყევი დიქტატორის რეპუტაცია, რომელმაც თავისი ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მიიყვანა.

წელს, საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს გამოსვლები, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასეულობით კი დაშავდა.

← მთავარი