← მთავარი
სამართალი

რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე?

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე?

საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნა გამოცხადდა, საქართველოს რკინიგზის 6 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის ბრიფინგიდან დღეს გახდა ცნობილი. რა ვიცით დავით ფერაძეზე? დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2017 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც წინა გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ფერაძე 2025 წლამდე იყო. მანამდე ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდში” შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. (აღსანიშნავია, რომ “მტკვარი ჰესის” საქმეზეც ჰქონდა პროკურატურას ბრალი წაყენებული “თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს). დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება დავით ფერაძის განათლებას, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრია, ასევე აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. რა ქონებას ფლობს დავით ფერაძე? საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2026 წლის იანვარში აქვს შევსებული. დავით ფერაძეს ჰყავს მეუღლე თამარ კახაია და 2 შვილი. ოჯახი ფლობს 8 მიწის ნაკვეთს თბილისსა და მარნეულში, აქედან 4 მათგანი თბილისშია რეგისტრირებული, 4 — მარნეულში. ამას გარდა, დავით ფერაძის საკუთრებაშია ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. თამარი კახაიას სახელზეა გაფორმებული 2025 წლიანი TOYOTA RAV, რომელიც 100 255 ლარადაა შეფასებული. რაც შეეხება ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, დავით ფერაძეს აქვს Liberty Consumer (Galt & Taggart Capital-ის 13248, Georgian Beverages Holdin-ის 4703, United Georgian Bank-ის 329 და Galt & Taggart-ის 949 აქცია. რკინიგზის ყოფილ გენერალური დირექტორს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე აქვს თანხები, მათ შორის “საქართველოს ბანკში” ინახავს 10 256 ლარს. მისმა ცოლმა 2025 წელს შპს “ზიპლაინ კაუკასუს საქართველოსგან” მიიღო 55 346 ლარი. ამავე წელს შვილების სწავლის საფასურის სახით დახარჯა 10 381 ლარი. ამას გარდა, დავით ფერაძეს 4056 დოლარი მოგზაურობის ხარჯად აქვს მითითებული, 7740 ლარი — დაზღვევისთვის, 5010 ლარი კი – აქციების შეძენაზე. ფერაძემ 2025 წელს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე ანაზღაურების სახით 60 163 ლარი მიიღო, შპს “ჯიარ ტრანზიტ ლაინისგან” — 14 137 ლარი, შპს “ჯიარ ტრანზიტის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე — 14 814 ლარი, შპს “სინათლის ბიზნეს განვითარების” კონსულტანტის პოზიციაზე —123 061 ლარი. გამოძიება: სუს-ის ცნობით, დავით ფერაძე და საქართველოს რკინიგზის კიდევ 7 თანამშრომელი კორუფციულ სქემების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას კანონიერი სახე მისცეს. საქმეში ფიგურირებს 20 მილიონზე მეტი ლარი. უწყების ცნობით, გამოძიება 6 მუხლით მიმდინარეობს. ესენია: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება; ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება; ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება; ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დეტალურად მიმდინარე გამოძიების შესახებ წაიკითხეთ აქ: სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს

← მთავარი