სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის 8 ყოფილ ხელმძღვანელ პირზე, მათ შორის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე და ინფრასტრუქტურის ფილიალის ყოფილ დირექტორზე, სამართლებრივი დევნა დაიწყო. დავით ფერაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული, 6 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, რკინიგზის მაღალჩინოსნებმა 20 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები კორუფციულ სქემების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას კანონიერი სახე მისცეს. უწყება მათ ორ ეპიზოდზე ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების “საქართველოს რკინიგზის” ქონების დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შავი ლითონს შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით აგროვებდა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. წინასწარ შერჩეული კომპანიები კი, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონის ლეგალურ რეალიზაციაზე ზრუნავდა. აღნიშნული სქემით მათ “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონის მითვისება შეძლეს, რაც წარმოშობის შეცვლის შემდგომ, ₾17 391 121-ად შეისყიდა შპს “ჯეოსთილმა” და შპს “ჯეოსთილისგან” მიღებული თანხა აკუმულირდა შპს “ნოვა ტრანსისა” და შპს “ჯადექსას” საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილება. “დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი — შპს “კახეთი”, შპს “ნოვა ტრანსი”,შპს “ჯადექსა” შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია “ხურო”, შპს “გრანტ კახეთი”.დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზამ” ორ ეტაპად — 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს — გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს “კახეთი”.იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონვის გარეშე და, ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას.შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებდა მის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” ბალანსიდან ჩამოწერას.შპს “კახეთის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” ტერიტორიებიდან დასაწყობების ნაცვლად სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს “ჯეოსთილის” საწარმოში ჩაბარება.პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები: შპს “კახეთის” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს “ნოვა ტრანსის” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს “ჯადექსას” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია “ხუროს” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი.ამავდროულად, სააქციო საზოგადოების — “საქართველოს რკინიგზის” — გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმოშობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება-რეალიზაციის გადაადგილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები,” — განაცხადა უწყებამ. უწყების თანახმად, გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “რაველდს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით $998 768. “საერთო ჯამში უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე.სამუშაოთა მიმდინარეობისას შპს “რაველდის” დირექტორმა, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც შპს “რაველდმა” ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა.აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა შპს “რაველდმა” შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო ₾403 844 “ — განაცხადა უწყებამ. ცნობისთვის, 2017 წლის 22 ნოემბერს დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი გახდა და ის პოსტს 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა. წარსულში ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ “თანაინვესტირების ფონდში” მუშაობდა და “მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. “თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა. ამას გარდა, ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. ბაჩიაშვილმა საპატიმრო ვადაზე ადრე, 2025 წლის 11 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა “სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან — აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.”