ანა ჯაბაურის შემვიწროვებელი დავით ერაძე მეორედ დააკავეს — ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა მეორედ დააკავეს. ინფორმაცია „რუსთავი 2”-მ გაავრცელა; ანა ჯაბაურმა ეს ფაქტი დაადასტურა.
„ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება”, — წერს „რუსთავი 2”.
ერაძე იმავე დანაშაულის — ადევნებისა და სიცოცხლის მოსპობით მუქარის — გამო სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან იანვარში დატოვა და ჯაბაურის შევიწროება კვლავ განაახლა.
სოციალური ქსელების მონაცემებით, ერაძე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერია. ანა ჯაბაური ამტკიცებს, რომ ის მანანა არჩვაძის დაკვეთით მოქმედებდა. ერაძე ჯაბაურს შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა — ეს მუქარის შეტყობინებები ქალმა სოციალური ქსელში საჯაროდ გაახმოვანა.
ჯაბაურის განცხადებით, ერაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროსაც ამ საქმიანობას განაგრძობდა: „კრიმინალ ერაძის კიდევ უფრო მეტად წაქეზების მიზნით, მანანა არჩვაძე საჯარო მადლობებს უძღვნიდა ჩემი და ჩემი დამხმარის ადევნება-შევიწროების გამო.”
დავით ერაძე სხვადასხვა დანაშაულის გამო ჯამში 5-ჯერ არის ნასამართლევი.