"წაქცეულ ადამიანს ყველა ურტყამდაო... ქართველების სენია. როცა ცუდად ხარ, მოსწონთ" - რას აცხადებს დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ციხის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში?
დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ პოდკასტში “Mere?“ ნარკოდამოკიდებულებაზე და მის გამოცდილებაზე ისაუბრა. “ნარკოდამოკიდებულებას იწყებ “მარიაჟობის“ მიზნით. თავიდან აკონტროლებ თავს: ვფიქრობდი, ახლა ვმუშაობ და არ მინდა არც კლუბი, არაფერი. მერე ვეღარ აკონტროლებ თავს. არაფერი აღარ მაინტერესებდა. შენ თავს კარგავ. შენს თავს გვერდიდან რომ უყურებ, გძულს ის ადამიანი. განგრევს, განადგურებს…“ - აღნიშნა დიზაინერმა.
მისი თქმით, საპატიმროში ყოფნისას ბევრმა ადამიანმა უსაფუძვლოდ გააკრიტიკა.
“ჩემი ადვოკატი, აბსოლუტურად, ყველაფერს მიყვებოდა და ეგ, იცი, როგორ ხდება? დაიჭირეს ადამიანი, კანონები იყო გამკაცრებული და ალბათ ხალხმა იფიქრა, რომ ძალიან დიდი ხნით ჩავჯექი. ამიტომ დაწერეს ყველაფერი. მერე, როცა გაიგეს რომ ძალიან ცოტა მომისაჯეს, ნაწილმა სტატუსები წაშალა კიდეც. მეცინება მაგაზე. ეგ არის უვიცი და გაუნათლებელი ხალხის ბრალი. წაქცეულ ადამიანს ყველა ურტყამდაო, ხომ იცი - ქართველების სენია სხვათა შორის. როცა ცუდად ხარ, მოსწონთ. ვითომ მხარს გიჭერენ, განიცდიან, მაგრამ სინამდვილეში არა. ასეთ დროს გრძნობ ვინ არის მართლა შენი გულშემატკივარი,“ - აღნიშნა სულიკაშვილმა.
დიზაინერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მალე პარიზის მოდის კვირეულზე გასვლას გეგმავს.
“აქამდე სულ ვამბობდი, რომ არ ვიყავი მზად. როდესაც პარიზის “ფეშენ ვიკზე“ გადიხარ, იქ თავისი პირობები აქვთ, რომელიც უნდა დააკმაყოფილო და არ ვიყავი ამისთვის მზად. ჩემს თავს არ ვენდობოდი. ახლა პირველად ვაცხადებ, რომ მზად ვარ. აქამდე სულ სხვისთვის ვცხოვრობდი. ახლა მინდა დრო ჩემს თავს დავუთმო და დათუნასთვის ვაკეთო ყველაფერი,“ - განაცხადა სულიკაშვილმა. შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთანავე, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა. დათუნა სულიკაშვილმა გლდანის მე-8 დაწესებულება 9 ივნისს დატოვა. ის სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.