← მთავარი
მსოფლიო

დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი

7 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი

სირიის დედაქალაქ დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს, ორი აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად, სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქებები მოხდა ხალხმრავალ უბანში, სირიის ტურიზმის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის, სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მაკრონის დელეგაციისა და სირიის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ღამე გაათია და სამშაბათს დილით სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შეხვდა.

პირველი აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც მაკრონის ავტოკოლონა საპრეზიდენტო სასახლისკენ გაემართა. Reuters-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი და ცეცხლი აფეთქების ადგილიდან, ხოლო რამდენიმე მეტრში მეორე აფეთქებაც დაფიქსირდა. მეორე მოწყობილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მახლობლად აფეთქდა, სადაც იმ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აფეთქებების ხმა მაკრონის ავტოკოლონამდე არ მისულა და ვიზიტის მსვლელობაზე გავლენა არ მოუხდენია. მოგვიანებით მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

“ვერაფერი შეარყევს სირიელი ხალხის სურვილს, იცხოვრონ სრულად სუვერენულ და უსაფრთხო სირიაში. დღეს დილით ვიხილე სირია მთელი თავისი მრავალფეროვნებით და დავინახე ღირსება, გამბედაობა და მონდომება,” — წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე.

Rien ne pourra étouffer l’aspiration des Syriennes et des Syriens à vivre dans une Syrie pleinement souveraine, sûre, pluraliste, unie.

Ce matin j’ai rencontré la Syrie dans toute sa diversité. J’ai vu la dignité, le courage et la détermination.

Ma visite se poursuit.— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 7, 2026

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ტურიზმის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და მათ განეიტრალებას ცდილობდნენ, რა დროსაც აფეთქებები მოხდა. უწყების ინფორმაციით, ერთი მოწყობილობა გზის პირას გაჩერებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული, მეორე კი ნაგვის ურნაში. ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაკრონის უსაფრთხოების პერიმეტრს გარეთ იყო განთავსებული და საფრანგეთის პრეზიდენტს საფრთხეს არ უქმნიდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის არაუღია. სირიის უსაფრთხოების ძალებმა დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო და სამძებრო ოპერაციები დაიწყეს.

Reuters აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი ვიზიტი სირიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქმედი ლიდერის მხრიდან მას შემდეგ, რაც 2024 წელს აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დაამხეს.

ცნობისთვის, გასულ კვირას დამასკოში, ერთ-ერთ კაფეში მომხდარმა აფეთქებამ ცხრა ადამიანი იმსხვერპლა, 20 კი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ბოლო თვეებში სირიაში უსაფრთხოების ვითარება არასტაბილურია.

← მთავარი