რუსეთის კრასნოდარის ოლქში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის გამო, რეგიონული სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არაერთხელ გამხდარა უკრაინის თავდასხმის სამიზნე. ის რუსეთის სამხრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6,6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაა.
თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დრონი განადგურდა ტაგანროგისა და აზოვის ქალაქებში, ასევე მატვეევო-კურგანის რაიონებში.
ონლაინგამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ცნობა ტაგანროგში მასშტაბური ხანძრის შესახებ, თვითმხილველების ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა იტყობინება, რომ ტვერში გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამ დრომდე იწვის ნავთობპროდუქტების საწყობი.
უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც. ის ათამდე დრონის შესახებ საუბრობდა და თქვა, რომ „ავარიის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ“.
„როსავიაციამ“ გაავრცელა ცნობა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში არსებულ შეზღუდვებზე. უწყების თანახმად, აეროპორტი იღებს და აფრენს თვითმფრინავებს „შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით“.
უკრაინის სამხედრო ძალებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ თავდასხმებზე. რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს გავრცელებული ცნობების სიზუსტეს.
რუსეთმა კი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყა. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თანახმად, საუბარია ათასამდე დარტყმაზე.
ფედოროვის ინფორმაციით, არის მსხვერპლი, დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ 12 დაშავდა.
ხარკოვის ოლქის ქალაქ ვალკიზე რუსული დრონის თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თანახმად, 23 წლის დაშავებული ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.