← მთავარი
საზოგადოება

ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე

19 აგვისტო, 2026 · წყარო: tabula.ge
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე

“ვიღაცა მაგრად თამაშობს და არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის, ხალხის მასხრად აგდება გამოდის იგივე” - ასე ეხმაურება 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მისი შვილის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნაწერებს.

“ვიცი, რომ გურიკას საიტია და გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მიწერდა, რომ მოვდივარ, ცოცხალი ვარ. გურიკა გელაშვილ კახას რატომ მიწერდა, როცა დედა ჰყავს მას და მამა, დედას მიწერდა, მამას მიწერდა… ვიღაცა მაგრად თამაშობს და არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის, ხალხის მასხრად აგდება გამოდის იგივე, აბა, რა გამოდის. წერს ისეთ რამეს, რაც… ჩემს ადგილზე რომ იყოთ და ეს მესიჯი წაიკითხოთ - “დედა, ცოცხალი ვარ” და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ? მე ვფიქრობ, ეს არის სიცრუე. იმიტომ რომ გურიკას ქვეყანა ხალხი ჰყავს - ნათესავები, ბიძაშვილები, მამიდა ჰყავს, მამა ჰყავს, დედა ჰყავს, ბიძები ჰყავს, ვიღაცას მისწერდა…

3-4 მესიჯი დაიწერა. “დე, ცოცხალი ვარ”. მერე დაიწერა რუსულად - მალე მოვალო თუ რაღაც და ახლა ოსურად დაიწერა - დადგა დრო. მე საიდან უნდა ვიცოდე, ჩემმა შვილმა ჩემი “ფეისბუქი” იცის, თუ დაწერა უნდოდა, მომწერდა მე, არაფერი არ ვიცი, თუ პოლიცია არ დაადგენს, საიდან მოდის ეს მესიჯები, ვის მოაქვს… პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი, ადვოკატმა მითხრა, რომ დავადგენთ ყველაფერსო და დანარჩენი არაფერი არ ვიცი” - ამბობს სოფო ბიბილაშვილი TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

მისი ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით კი, უკვე იცის იმ FB-მომხმარებლის IP მისამართი, ვინც სოფო ბიბილაშვილს დაუწერა - “დედა, ცოცხალი ვარ”.

“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში” - უთხრა კაკაბაძემ TV პირველს.

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook გვერდიდან გუშინ საღამოს დაიწერა - Арцыд растаг. როგორც ხელოვნური ინტელექტის და მოქალაქეების ნაწილი თარგმნიან, ოსურ დიალექტზე ფრაზის ერთერთი მნიშვნელობაა - მოვიდა დრო.

იქამდე, სოფო ბიბილაშვილის ერთერთ ვიდეოს ქვეშ კახა გელაშვილის სახელით გახსნილი FB-გვერდიდან დაიწერა - დედა, ცოცხალი ვარ. აღსანიშნავია, რომ გელაშვილის სახელით გახსნილ ამ გვერდს მხოლოდ 1 მეგობარი - გურიკა დადიანიძე ჰყავს და საჯაროდ ერთი პოსტი უჩანს, ორი დღის წინ დაწერილი - Если я приду (თუ მოვალ). ასევე, მითითებული აქვს გურამ დადიანიძის დაბადების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაციაში, threads-ის “ნიკნეიმად” - guriko96. ამ დროისთვის, კახა გელაშვილის სახელით გახსნილი ეს გვერდი აღარ იძებნება.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის ივნისში გაუჩინარდა - მოწმეთა ჩვენებებით, ლომისობის დღესასწაულიდან დაბრუნებისას. ტერიტორია, რომელზეც მოწმეები მიუთითებენ, შსს-მ ერთი კვირის წინ შეამოწმა.

2014 წელს გაუჩინარებული დადიანიძის საქმეზე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა – შსს

დადიანიძის დედა: ყველაფერი გააკეთეს, გამოირიცხა - მეწყერში არ ჩატანილა ბავშვი

შსს-ს 10 აგვისტოს განცხადების მიხედვით, გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება “გამოვლენილი ვერ იქნა”, ასევე, “არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს”.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ გურამ დადიანიძის დედამ შვილის ხმა იცნო, შსს წერს, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, “ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს, დილის 04:00 საათზე”.

← მთავარი