← მთავარი
სამართალი

"ასე თქვა, ამ ცოდვით როგორ ვიცხოვროო... შოკშია" - რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება ქალს, რომელმაც დადიანზე ავარიისას მოქალაქე იმსხვერპლა

4 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც მოქალაქეს დაეჯახა ოლგა სვიატკინაა. როგორც ცნობილია ის უკრაინელ მეუღლესთან ერთად თბილისში წლებია ცხოვრობს.

“თვითონ იმდენად შოკშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. იმ მომენტში რა მოხდა, თვითონაც არ ახსოვს. ჩვეულებრივ რუტინა ჰქონდა, სამსახურში მიდიოდა და მოხდა ასეთი ამბავი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, არც სხვა გარემოება იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

იმედა ქარქაშაძის თქმით, ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არა განზრახ ჩადენილი ქმედება.

ადვოკატის ვერსიით, ავტომობილის დაძვრისას ქალს შეეშალა „პედალი“ და შემთხვევით სხვას დააჭირა ფეხი, რამაც შეჯახება გამოიწვია.

“არ არის ის გარემოება, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ. ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა. არ არის ისეთი, რომ ვთქვათ სპეციალურად მოხდა დაჯახება ან სხვა მიზანი იყო. ეს გამორიცხულია.

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, არ მითქვამს, რომ დაზიანება იყო მანქანის რომელიღაც ნაწილში. გადაცემათა კოლოფს დაზიანება ჰქონდა, თვითონ შეამჩნია. სხვა ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ბევრს დაემართოს. სახეზე გვაქვს არაგანზრახი დანაშაული. უბრალოდ მანქანის დაძვრისას აერია და შემთხვევით სხვა პედალს დააჭირა ფეხი, აქედან გამომდინარე მოხდა შეჯახება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ უკვე შეამოწმა ავტომობილი. მისი განცხადებით, სამუხრუჭე სისტემა მწყობრში იყო, ასევე გამართული იყო საჭის მექანიზმიც.

“გამოძიება უკვე ჩაატარა ექსპერტიზა. სამუხრუჭე სისტემა მწყობრში იყო. ასევე გამართული იყო საჭე. ის, რომ შემთხვევა სხვა გარემოებამ გამოიწვია, არ ჩანს. ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ ვართ შეთანხმებულები, თუ უნდათ ნებისმიერი ფორმით ჩავატარებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დადიანის ქუჩაზე 22 ივნისს მოხდა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, შუახნის ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ ავტომობილს მიაჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, დაკავებულია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

← მთავარი