PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა
სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის უფლებების მძიმე დარღვევა დაადგინა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას. “სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ა.ტ.-ს სარჩელი და მის სასარგებლოდ შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს” 10,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას. სასამართლომ შეაფასა გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას”, — წერს ორგანიზაცია. უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული კლინიკაში საკუთარი ნებით იმყოფებოდა, თუმცა მას თავისუფლება მაინც შეეზღუდა და მის მიმართ ფიზიკური ძალა იქნა გამოყენებული. ორგანიზაცია დეტალურად აღწერს საქმის არსს. “მიუხედავად იმისა, რომ ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება (ფიქსაცია), რომლის კანონიერება დავის ერთერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა.ფიზიკური შეზღუდვის პერიოდში ა.ტ. ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე კლინიკის თანამშრომლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მორალური ზიანის საქმე არ ეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. PHR სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი თავად სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ეხება პაციენტის უსაფრთხოების, ღირსების, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებას”, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. საბოლოოდ, მოსამართლემ სრულად გაიზიარა PHR-ის არგუმენტები და პასუხისმგებლობა უშუალოდ სამედიცინო ცენტრს დააკისრა, რადგან დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო თავისივე პაციენტის უსაფრთხო გარემოში ყოფნა. “სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინფორმირებული თანხმობის პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებამ თავად დაარღვია ა.ტ.-ს უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის გარდა, პაციენტს მიადგა დამატებითი მორალური ზიანი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას.აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების განმტკიცების თვალსაზრისით. იგი შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, ღირსებისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები”, — წერს ორგანიზაცია. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვერდიქტი სისტემური ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს, რათა მომავალში მსგავსი დაწესებულებების მხრიდან პაციენტების უფლებების უგულებელყოფა გამოირიცხოს. “აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საზოგადოებისათვის. იგი ხელს შეუწყობს პაციენტების უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების სტანდარტების ამაღლებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ისეთი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს”, წეროა განცხადებაში.