Axios: CIA-ს დირექტორმა ტრამპთან ეჭვქვეშ დააყენა ბირთვული დათმობების მხრივ ირანის მზადყოფნა
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა პრეზიდენტ ტრამპსა და ადმინისტრაციის სხვა გავლენიან მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ბირთვულ დათმობებზე წასვლის მხრივ ირანის მზადყოფნას.
საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ასევე წერს, რომ რეტკლიფი ტრამპის ადმინისტრაციის ერთადერთი სკეპტიკოსი არაა. Axios-ის მიხედვით, შიდა დისკუსიების დროს ირანთან გამოცხადებული ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით ეჭვები აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმაც გამოთქვეს, ხოლო ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და აშშ-ს წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, დოკუმენტს მიემხრნენ.
Axios-ის ცნობით, 14 ივნისს აშშ-ირანის შეთანხმების გამოცხადებამდე ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. წყაროების თქმით, ამ შეხვედრებზე ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მოიპოვეს, რამაც აჩვენა, რომ ირანელი მაღალჩინოსნების მიერ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ერთმანეთში განხილვა შეუსაბამობაში იყო იმასთან, რასაც ისინი შუამავლებსა და აშშ-ს წარმომადგენლებს უყვებოდნენ.
ორი წყაროს მიხედვით, რეტკლიფმა და რუბიომ თქვეს, რომ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი ეჭვობდნენ, რომ ირანელები დაეთანხმებიან ბირთვული პროგრამის საკითხზე იმ დათმობებს, რასაც ამერიკული მხარე ითხოვს.
“დაზვერვა აჩვენებს, რომ ირანელების განზრახვა არ არის თანხვედრაში შეთანხმების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებთან.” – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
Axios-ის მიხედვით, 19 ივნისს მოსალოდნელია, ერთი მხრივ, ვენსს, უიტკოფსა და კუშნერს, ხოლო, მეორე მხრივ, ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამედ ბაღერ ღალიბაფსა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის შეხვედრა, რათა მხარეებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო ფაზა განიხილონ.
14 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თეირანმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამთვიანი ომის დამთავრებასთან და ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
აშშ-ირანი აცხადებენ, რომ ომის დასამთავრებლად და ჰორმუზის გასახსნელად შეთანხმებას მიაღწიეს
ამერიკული მედიის, NPR-ის ინფორმაციით, შეთანხმებაზე ხელის მოწერა 19 ივნისისთვის შვეიცარიაში იგეგმება.
თავის მხრივ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ “მრავალთვიანი მოლაპარაკებების რთული და ინტენსიური პერიოდის შემდეგ” შეთანხმება მიღწეულია.
NPR-ის მიხედვით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოსალოდნელია აშშ-სა და ირანს შორის ერთმანეთზე თავდასხმების საბოლოო შეწყვეტა, ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლის დასრულება და ჰორმუზის სრუტეზე ორმხრივი ბლოკადის მოხსნა.
ამის მიუხედავად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეთანხმება მოიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებას, რა პერიოდშიც დაიწყება მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დამთავრების მიზნით.