შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება — აქედან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მატერიალური სარგებლის მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულში საზვარგარეტ მყოფი კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე იყო ჩართული.
“გამოძიებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად, პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე, კრიმინალური სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად, იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს, მეორეს სასარგებლოდ, სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ, ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე, პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა,” — განაცხადა უწყებამ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.