ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით ახალი მრავალფუნქციური სარაკეტო სისტემა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ლიდერ კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით ჩაატარა ახალი, მრავალფუნქციური მსუბუქი სარაკეტო გამშვები სისტემების და მრავალმიზნობრივი ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტების გამოცდა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, ფხენიანმა დასავლეთ სანაპიროდან რამდენიმე რაკეტა გაისროლა — მათ შორის ბალისტიკური, რომელმაც დაახლოებით 80 კილომეტრი გაიარა.
სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, განხორციელდა „ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის სპეციალური დანიშნულების ქობინის სიმძლავრისა და 240 მმ-იანი მართვადი საარტილერიო რაკეტის საიმედოობის შეფასება.”
„კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტის” ანალიტიკოსი ჰონგ მინი განმარტავს, რომ ბოლო თვეებში გახშირებული სამხედრო მანევრები ნათელ სიგნალს გვაძლევს: ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა ამ სისტემების გამოყენებას მართლაც აპირებს.
ახალი კომპლექსი ერთდროულად ტაქტიკურ ფრთოსან რაკეტებს, მართვად ზალპური ცეცხლის სისტემებს და ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებს აერთიანებს. ეს ავტომატიზებული, შორი მანძილის შეიარაღება, სეულის შეფასებით, სამხრეთ კორეის პარალიზებას ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც შეძლებს.
კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ახალი შეიარაღება „ქვეყნის სამხედრო ძლიერების ზრდისა და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესის” მკაფიო სიგნალია. ანალიტიკოსები ფხენიანის გახშირებულ ტესტირებას საერთაშორისო ნორმების შესუსტებით ახსნიან — ჩრდილოეთ კორეა ამ ვითარებას ბირთვული სტატუსის კიდევ უფრო გასამყარებლად იყენებს.