← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი] უცხოურ კორტებს ორი ქართველი შემორჩა | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი] უცხოურ კორტებს ორი ქართველი შემორჩა | Lelo.Ge

გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (W100) ასპარეზობის მე-7 ნომერმა ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში სლოვაკ მია პოჰანკოვას მოუგო - 1:6, 6:0, 6:1 და მერვედფინალში გავიდა.

წყვილებში გორგოძე და კატერინა ციგუროვა (შვეიცარია) სტარტზე მარტინა კაპურო ტაბორდასა (არგენტინა) და ფერნანდა ლაბრანას (ჩილე) სათამაშოდ არ გამოუცხადნენ.

პორტუგალიის ქალაქ კოროიოს-სეიშალის ქალთა ტურნირში (W50) ასპარეზობა დაასრულა ზოზია ქარდავამ. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან მასპინძელ მადელამა მატიასსა და ფრანგ სედა ბასლიარს (საფრანგეთი) აჯობა. 8 ივლისს მთავარ ბადეში ასპარეზობის მეორე ნომერს - ჰანე ვანდევუნკელს (ბელგია) შეხვდა და ორ სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა.

ბელგიურ ლიეჟში წყვილთა შეჯიბრების სტარტზე საბა ფურცელაძე და ნიკლას შელი (გერმანია) კასრა რაჰმანისა (ირანი) და მანას დამნესთან (ინდოეთი) არკვევდნენ ურთიერთობას. ქართულ-გერმანულმა დუეტმა ორ სეტში მიაღწია წარმატებას - 6:2, 7:6 და მეოთხედფინალში ბელგიელებს - ემილიენ დემანეტსა და ნიელს რატიუს შეხვდება.

ერთეულთა შეჯიბრებაში ფურცელაძე, როგორც ვწერდით, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ წრეში ედუარდ ვილოსლადა (საფრანგეთი) დაამარცხა - 4:6, 6:1, 6:0, მეორე წრეში კი ცუნგ-ჰაო ჰუანგთან (ტაივანი) წააგო - 6:7, 6:2, 3:6.

← მთავარი