← მთავარი
სპორტი

ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის -

Geo Team-ის ინფორმაციით, “იბერია 1999-ის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაპირისპირება მოხდა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და გარემარბ პაატა ღუდუშაურს შორის.

საფეხბურთო გვერდ xG Zone. ანალიზი-ს ცნობით, ვარჯიშზე დემჩენკომ ღუდუშაურს არაკორექტულად მიმართა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

დემჩენკომ მომხდართან დაკავშირებით Geo Team-თან ისაუბრა:

“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო. პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის “დილაში” მე მივიყვანე. 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, მის ხასიათს იდეალურად ვიცნობ…

პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაში. თუ ვინმე საკუთარ ხასიათს ვერ აკონტროლებს, აფუჭებს გუნდში კლიმატს. ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვმუშაობ.

დიახ, კონფლიქტი იყო და ამას ვადასტურებ. ფეხბურთში მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება, რადგან ემოციური სპორტია. ამას პაატას ბოლო მატჩების გაუმართლებელი ეპიზოდები დაემატა. წითელი ბარათი და სხვა…

ასე არ შეიძლება! ფეხბურთელმა მისი ადგილის მოსაპოვებლად მწვანე მინდორზე ჯანსაღად უნდა იბრძოლოს. ამიტომაც, პაატა პირველი გუნდიდან მოკვეთილია. ახლა გუნდში ჯანსაღი გარემოა და “ფლორასთან” მატჩისთვის ვემზადებით”, - თქვა დემჩენკომ.

არასასიამოვნო ფაქტს სოციალურ ქსელში პაატა ღუდუშაურიც გამოეხმაურა:

“რაც ანდრეი დემჩენკომ თქვა სრული სიცრუეა. იბერიასა და ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატებას ვუსურვებ. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი. ყველაფერს დრო გვანახებს”.

“იბერია 1999”-ისა და “ფლორას” პირველი მატჩი ესტონეთში, დღეს, 8 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

← მთავარი