ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლის პატიმრობა მიუსაჯეს
ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ „მანიაკი მკვლელობების კულტის” ლიდერ, 22 წლის საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს — ცნობილ „კაპიტან ყასაბად” — 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალი ედებოდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ორგანიზება და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს.
„მანიაკი მკვლელობების კულტი” (Maniacs: Cult of Killing, MKU) საერთაშორისო ნეონაცისტური ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ხელს უწყობს ძალადობას რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემის და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც „არასასურველებად” მიიჩნევს.
ჩხიკვიშვილი თანამოაზრეებს მკვლელობებისა და ბომბის აფეთქებებისკენ მოუწოდებდა. ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსის ჩაცმულ ადამიანს ბრუკლინში ებრაელ და უმცირესობათა ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას ითვალისწინებდა.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ჩხიკვიშვილი პასუხისმგებელია 2025 წლის იანვარში ნეშვილის სკოლაში განხორციელებულ სროლაზე — ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა. ის ასევე ინსპირაციის წყარო გახდა 2024 წლის აგვისტოში თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის წინ, დანით განხორციელებული თავდასხმისა.
ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში მოლდოვაში დააკავეს. 2025 წლის მაისში ის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს, ნოემბერში კი მან დანაშაული აღიარა.
„დღევანდელი განაჩენი ჩვენ ქუჩებს ურჩხულს მოაშორებს და ჩვენს თემებს, სულ მცირე, დროებით დაიცავს”, — განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ ა. აიზენბერგმა.