ჩინეთმა ტაივანის სანაპიროსთან „სპეციალური საზღვაო ოპერაცია” დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან „სპეციალური საზღვაო ოპერაცია” გამოაცხადა. პეკინი ამ ნაბიჯს იაპონიასა და ფილიპინებს შორის ამ რაიონში საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე პასუხად წარმოაჩენს — ეს, მისი შეფასებით, ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფაა.
სახელმწიფო სააგენტო „სინხუას” ცნობით, ოპერაციის მიზანია „ზღვაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება, შორეულ საზღვაო რაიონებში საპატრულო და სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერება.”
იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის დაწყება ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის, იაპონიაში ბოლო ვიზიტისას გადაწყვიტეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე ქვეყანა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
ტაივანის სანაპირო დაცვის ადმინისტრაციამ უარყო ჩინეთის პრეტენზიები და კუნძულის გარშემო ხუთი ხომალდი და ერთი საპატრულო კატერი გაგზავნა. ტაივანელი სამხედროები ადასტურებენ, რომ ჩინური გემების გადაადგილებას სიამენის პორტიდან წარმატებით ადევნებენ თვალს.
პეკინი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. ტაივანი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” მოდელს უარყოფს. იაპონია და ფილიპინები კი ტაივანის გარშემო ჩინეთის მზარდ სამხედრო საქმიანობას უშუალო საფრთხედ განიხილავენ.