← მთავარი
საზოგადოება

ნამდვილი ჯოჯოხეთი სტიქიის შემდეგ - ჩინეთის ქუჩებში წყალდიდობის შემდეგ 900 გველი, ზებრები, კუზიანი ხარი, ვირები, სირაქლემები და სხვა ცხოველები გადაადგილდებიან: ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

10 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ნამდვილი ჯოჯოხეთი სტიქიის შემდეგ - ჩინეთის ქუჩებში წყალდიდობის შემდეგ 900 გველი, ზებრები, კუზიანი ხარი, ვირები, სირაქლემები და სხვა ცხოველები გადაადგილდებიან: ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობამ ადგილობრივ მოსახლეობას მოულოდნელი და საშიში პრობლემა შეუქმნა - დატბორილი ტერიტორიებიდან ასობით გველი გაიქცა და დასახლებულ პუნქტებში გამოჩნდა.

სამხრეთ ჩინეთის ქალაქ ჰენგჯოუში, სადაც დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ძლიერი წყალდიდობის შემდეგ დაახლოებით 900 გველი, მათ შორის რამდენიმე შხამიანი სახეობა, თავისუფლად გადაადგილდებოდა.

სტიქია ტაიფუნ “მეისაკს“ მოჰყვა, რომელმაც რეგიონში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას უკვე 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთი ქალი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ ქვეწარმავალი ახლომდებარე დატბორილი გველების ფერმიდან გაიქცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გველის ნაკბენის გამო რამდენიმე სხვა ადამიანსაც დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ დაცურავენ გველები დატბორლ ქუჩებში.

ახლომდებარე ზოოპარკიდან გაქცევა შეძლეს ორმა ზებრამ, ერთმა კუზიანმა ხარმა, სამმა მინიატიურულმა ცხენმა და ორმა ვირმა.

კერძო საკუთრებაში არსებულმა გუიგანგის ზოოპარკმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გაქცეულ ცხოველებს შორის იყვნენ სირაქლემები, ემუები და ენოტებიც, რომლებიც სტრესის დროს შესაძლოა აგრესიულები გამხდარიყვნენ. ზოოპარკის მფლობელის, ინ ფეიფეის განცხადებით, წყალდიდობის დროს თანამშრომლებმა სიცოცხლის რისკის ფასად სცადეს მტაცებლების გალიების ჩაკეტვა, რათა ცხოველები ქალაქში არ გასულიყვნენ. თუმცა, სტიქიას სამი ლომი ემსხვერპლა.

წყალდიდობის შედეგად სხვა ცხოველებიც დაზარალდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ 16 000-ზე მეტი ღორი წაიღო.

ჰენგჯოუ მდებარეობს გუანსის რეგიონში, რომელიც გველების მოშენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. ტერიტორია ცნობილია არა მხოლოდ ჟასმინის წარმოებით, არამედ გველების ფერმებითაც.

გუანსის რეგიონში 100-ზე მეტი სახეობის გველია გავრცელებული. ადგილობრივ კულტურაში გველის ხორცის გამოყენებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, თუმცა ბოლო წლებში ბევრი ფერმა ქვეწარმავლებს ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო კვლევებისთვის ამრავლებს.

წყალდიდობის შემდეგ გველების დაჭერაში სპეციალური ჯგუფები ჩაერთნენ. ერთ-ერთმა დამჭერმა ჯგუფმა, რომელიც შვიდი-რვა ადამიანისგან შედგებოდა, ორი დღის განმავლობაში 2 000-დან 3 000-მდე გველი დაიჭირა.

ჯგუფის წევრის, ჟუს თქმით, წყალდიდობის შემდეგ გველები ხშირად იმალებიან სახლების კუთხეებში, ბნელ ადგილებსა და ნესტიან გარემოში.

სპეციალისტების თქმით, გველები ჩვეულებრივ თავს არ ესხმიან ადამიანებს, თუ საფრთხეს არ გრძნობენ. ისინი ძირითადად წყალდიდობის შემდეგ საკვებსა და თავშესაფარს ეძებენ.

ადგილობრივი საავადმყოფოების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ანტიშხამი აქვთ, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს დაზარალებული სამედიცინო დახმარებას.

წყლის დონის კლებასთან ერთად, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს დარჩებიან გაქცეული გველები დასახლებულ ტერიტორიებზე და შეძლებენ თუ არა სპეციალისტები მათი დაჭერას.

← მთავარი