ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინეს — ადვოკატი: „ასეთი აბსურდი არასდროს მინახავს”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ასეთი აბსურდი” მას „არასდროს უნახავს”.
„საქმის მასალების თანახმად, ირაკლი ჩიხლაძეს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის — ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების შელახვასთან,” — აცხადებს ადვოკატი. გამოძიებამ ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულება ჰაწერინა, ვინაიდან საქმე საიდუმლო წარმოებას ექვემდებარება.
„ამ მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს ჯაშუში დაუძახონ. შემდეგ ხელი მოვაწეროთ გაუთქმელობაზე — და ვერავინ გაიგებს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინეს ბრალდება,” — ამბობს გელხაური.
ადვოკატი განმარტავს, რომ ჩიხლაძის საქმეს „არანაირი კავშირი” არ აქვს 30 მაისს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს — ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის — საქმესთან. „ეს ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმეა,” — ხაზს უსვამს ის.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ადვოკატის შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად.