ჭიათურის სოფელ გეზრულის სკოლაში „ბოლო ზარი” ერთადერთი კურსდამთავრებულისთვის დაირეკა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის სკოლას ამ წელს ერთადერთი კურსდამთავრებული ჰყავს — „ბოლო ზარი” მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის, ლეილა კილაძისთვის, დაირეკა.
სკოლის ფეისბუქგვერდი ფოტოებს ავრცელებს:
„ბოლო ზარი გეზრულის საჯარო სკოლაში! დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სევდიანი და ამავდროულად ძალიან სასამაყო დღეა. წელს „ბოლო ზარი” მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელისთვის — ჩვენი საყვარელი ლეილა კილაძისთვის — დაირეკა!
შეიძლება საკლასო ოთახში მარტო იჯდა, მაგრამ მის ზურგს უკან მთელი სკოლის დიდი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ლეილა არის გოგონა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს თავი შეაყვარა: შრომისმოყვარეობითა და სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესით; ბეჯითი, მიზანდასახული ხასიათით; თბილი ღიმილითა და იმ ენერგიით, რომლითაც სკოლის ყოველ დღეს აფერადებდა.
სკოლის წლები დასრულდა — ახლა კი ახალი, დიდი გამოწვევების დროა. წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია.
ჩვენო ლეილა, გეზრულის საჯარო სკოლის სახელით გისურვებთ დიდ წარმატებას! ჩვენ მტკიცედ გვჯერა შენი ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ძალების. დარწმუნებულები ვართ, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. გზა მშვიდობისა, ჩვენო ერთადერთო და გამორჩეულო კურსდამთავრებულო.”