← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი] ჩემპიონიც გავარდა და ფინალისტიც | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი] ჩემპიონიც გავარდა და ფინალისტიც | Lelo.Ge

უიმბლდონის ტურნირზე დასრულდა მესამე წრე და ცნობილია მერვედფინალში გასული ყველა ჩოგბურთელი.

1/16-ფინალიდან გამოეთიშა ტურნირს შარშანდელი ჩემპიონი იგა შვიოტეკი. პოლონელს პირველ სეტში სეტპოინტები ჰქონდა ფილიპინელი ალექსანდრა ეალას წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ორ სეტში დამარცხდა. შვიოტეკს 2026 წლის სეზონში მატჩების 66 პროცენტი აქვს მოგებული, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პოლონელს წელს არც ერთი ფინალი არ ჰქონია და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ნახევარფინალში. მერვედფინალში ვერგასვლის გამო, შვიოტეკი რეიტინგში მინიმუმ მეექვსე ადგილამდე დაქვეითდება.

ჩემპიონთან ერთად ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა, რომელიც თანამემამულე მედისონ ქისთან დამარცხდა.

კიდევ ერთი სენსაცია იყო ყაზახი ელენა რიბაკინას მარცხი ელიზ მერტენსთან, არადა, ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებდა ბელგიელს. რიბაკინას რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირიდან მოყოლებული სერიოზული ჩავარდნა აქვს - ოთხი მოგება და ოთხი მარცხი.

საუკეთესო გრუნტის სეზონისა და საუკეთესო როლან გაროსის (ნახევარფინალში გასვლა) შემდეგ, უკრაინელი მარტა კოსტიუკი საუკეთესო უიმბლდონს ატარებს, რადგან ამერიკელი ემა ნავაროს სამ სეტში დამარცხების შემდეგ (6:2, 4:6, 6:1), პირველად გავიდა მერვედფინალში.

იტალიელმა ჟასმინ პაოლნიიმ სეზონი TOP10-ში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ სამ ტურნირზე მოიგო ერთზე მეტი მატჩი - ბოლოს ასეთი რამ მარტში მოახერხა. უიმბლდონზე იტალიელმა სეზონში პირველად მოიგო სამი მატჩი. მესამე წრეში მან გაანადგურა ბერძენი მარია საკარი (6:1, 6:2) და 2024 წლის შემდეგ პირველად გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.

1/8 ფინალის წყვილები:

საბალენკა (1)-ოსაკა (იაპ, 14)

მუხოვა (ჩეხ, 10)-კრეიჩიკოვა (ჩეხ)

პეგულა (აშშ, 4)-იოვიჩი (აშშ, 16)

ბენჩიჩი (შვეიც, 11)-გაუფი (აშშ, 7)

კრუგერი (აშშ)-კოსტიუკი (უკრ, 12)

პაოლინი (იტა, 13)-ეალა (ფილ, 29)

ქისი (აშშ, 26)-ნოსკოვა (ჩეხ, 9)

ბუზკოვა (ჩეხ, 21)-მერტენსი (ბელ, 25)

დასრულდა 1/16-ფინალი მამაკაცებს შორის. ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ როლან გაროსის ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი და ფინალისტი ფლავიო კობოლი.

გერმანელმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე და გაიმეორა უიმბლდონზე თავისი საუკეთესო შედეგი - მერვედფინალში გასვლა, სადაც ირჟი ლეჰეჩკას შეხვდება. ზვერევს ჩეხთან ურთიერთშეხვედრებში 1:1 აქვს ანგარიში.

კობოლიმ კარენ ხაჩანოვთან პირველი სეტი 0:6 წააგო და სეტებში 1:2-ს აგებდა, მაგრამ ბოლო ორი პარტია ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოიგო და ახლა ავსტრალიელ ალექს დე მინორს შეხვდება, რომელიც კარიერაში მეთხუთმეტედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების 1/8-ფინალში.

ერთი წლის წინ, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 1/8-ფინალში სეტებში 2:0-ს უგებდა მომავალ ჩემპიონ იანიკ სინერს, მაგრამ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა შეეწყვიტა შეხვედრა. ამის შემდეგ, მან სეზონის ბოლომდე მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა, წელს კი ვერ ახერხებდა ფორმის აღდგენას და უიმბლდონამდე სამი კვირით ადრე „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირშიც კი ითამაშა. ბულგარელმა მეორე წრეში თავისზე 15 წლით უმცროსი ჩეხი იაკუბ მენშიკი დაამარცხა, ახლა კი ხუთსეტიან მატჩში ყოფილი ფინალისტი მატეო ბერეტინი დაამარცხა (6:3, 6:4, 3:6, 5:7, 6:3) და უიმბლდონის მერვედფინალში დაბრუნდა.

დღის ციფრები დააფიქსირა ყაზახმა ალექსანდრ ბუბლიკმა, რომელმაც ხუთ სეტში მოუგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოს (4:6, 7:6, 7:6, 4:6, 6:3): მეორე სეტში ბუბლიკმა ცხრა (!) სეტბოლი მოიგერია, ხოლო მთელი მატჩის განმავლობაში 48 ეისი ჩააწოდა.

1/8 ფინალის წყვილები:

სინერი (იტა, 1)-მოჩიზუკი (იაპ)

ჰურკაჩი (პოლ)-შტრუფი (გერ)

ოჟე-ალიასიმი (კან, 3)-დავიდოვიჩ ფოკინა (ესპ, 22)

საფიულინი-ჯოკოვიჩი (სერ, 7)

დე მინორი (ავტრა, 5)-კობოლი (იტა, 9)

დიმიტროვი (ბულ)-ფერი (ბრიტ)

ფრიტცი (აშშ, 6)-ბუბლიკი (ყაზ, 10)

ლეჰეჩკა (ჩეხ, 13)-ზვერევი (გერ, 2)

← მთავარი