„დასკვნითი სეზონი აუცილებელია” — ლევან ყოჩიაშვილი ჩცდ-ს მომავალსა და გულშემატკივართა მოლოდინზე
„კავეა პლუსმა” პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების” (ჩცდ) შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი პოდკასტ-ფორმატი გახსნა. ყოველ ხუთშაბათს სტუმრები კადრს მიღმა დარჩენილ ამბებს გაიხსენებენ — სეზონები, კასტინგი, ყველაზე მძიმე და ბედნიერი დღეები.
სერიალის მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი პირველი სტუმარი გახდა. მისი განმარტებით, სერიალის გაგრძელებაზე ჯერ არავინ საუბრობს: „არ არის ჯერ არაფერზე ლაპარაკი — არც გაგრძელებაზე, არც სხვა რამეზე.”
„ამ სერიალმა 19 სეზონი იცხოვრა, 12 წელი. ისე შევიდა ოჯახებში, რომ ხალხი სერიოზულად მეკითხებოდა, საიდაური გოცირიძეები ხართო — ვეღარ არჩევდნენ პერსონაჟს და მსახიობს. ასეთ დროს მეღიმებოდა,” — ამბობს ყოჩიაშვილი.
მსახიობი სერიალის ბოლო ეპიზოდის გარეშე დარჩენას სამართლიანად არ მიიჩნევს: „დასკვნითი სეზონი აუცილებელია. სერიალს ლოგიკური ფინალი უნდა ჰქონდეს.”
„კავეა პლუსზე” ჩცდ-ს ყველა 19 სეზონი უფასოდ ხდება ხელმისაწვდომი.