ბრიტანეთის მეფე და დედოფალი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუკინგემის სასახლეში აღარ იცხოვრებენ - BBC
ბრიტანეთის მონარქიის უახლესმა ფინანსურმა ანგარიშებმა საზოგადოებისთვის მოულოდნელი დეტალები გამოავლინა. მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბუკინგემის სასახლეში საცხოვრებლად აღარ გადავლენ, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს იქ 369 მილიონი ფუნტის ღირებულების მასშტაბური რემონტი სრულდება. ამის შესახებ BBC წერს. 1837 წლის შემდეგ, ბუკინგემის სასახლე ბრიტანეთის მონარქების ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა. თუმცა, მეფე ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ მისი ოფიციალური სახლი კვლავ კლარენს ჰაუსი (Clarence House) იქნება, სადაც ის 2003 წლიდან ცხოვრობს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმისთვის მიიღეს, რომ ტურისტებსა და საზოგადოებას ამ ისტორიულ ძეგლზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ. სასახლეში ცხოვრება მკაცრ უსაფრთხოების ზომებს მოითხოვს, რაც ვიზიტორების რაოდენობასა და დასათვალიერებელ სივრცეებს მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. გარდა ამისა, მეფე და დედოფალი უკვე 70-ს გადაცილებულები არიან და თავიანთი პერსონალითურთ ახალ ადგილას გადასვლის დამღლელი პროცესისგან თავის არიდება ამჯობინეს. ბუკინგემის სასახლე მაინც დარჩება მონარქიის ადმინისტრაციულ და საცერემონიო ცენტრად. მეფე კვლავაც უმასპინძლებს აქ სახელმწიფო ბანკეტებს, ოფიციალურ მიღებებსა და შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან. სასახლეში მათთვის სპეციალური კერძო ოთახებიც მოეწყობა, სადაც სამუშაო დღის განმავლობაში დასვენებას შეძლებენ. ამ გადაწყვეტილებას ბრიტანეთში კრიტიკაც მოჰყვა. მონარქიის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თუ მეფე იქ არ იცხოვრებს, სასახლე მთელი წლის განმავლობაში სრულად უნდა გაიხსნას ხალხისთვის, ხოლო ტურისტებიდან შემოსული მილიონობით ფუნტი არა სამეფო ფონდს, არამედ სახელმწიფო ხაზინას უნდა მოჰმარდეს. ეს არის პირველი შემთხვევა დედოფალ ვიქტორიას ეპოქის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთის მონარქი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრებაზე უარს ამბობს. სასახლე, რომელიც ასე მჭიდროდ ასოცირდებოდა ელისაბედ II-ის სახელთან, ახალი ეპოქის მოთხოვნებს ერგება.