← მთავარი
სამართალი

ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ  ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ ქალაქ ნანკინის ყოფილ მაღალჩინოსანს სიკვდილი მიუსაჯა. მას ბრალად ედება 30 წლის განმავლობაში 2,2 მილიარდ იუანზე მეტი (დაახლოებით 325 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ქრთამის აღება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

69 წლის იან იულინი, რომელიც 1993 წლიდან 2023 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო სახსრების მითვისებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.

სახელმწიფო მედიის ცნობით, იულინი საკუთარ გავლენებს საინჟინრო კონტრაქტების გაფორმების, მიწების გადაცემისა და დაფინანსების მოპოვების სანაცვლოდ იყენებდა, რაშიც ფულსა და ძვირფასეულობას იღებდა.

როგორც BBC წერს, ყოფილი ჩინოვნიკის მხილება პრეზიდენტ სი ძინპინის მასშტაბური ანტიკორუფციული წმენდის ნაწილია, რომელიც სამხედრო და საბანკო სექტორებსაც შეეხო. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ამ კამპანიას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაცილებლადაც იყენებს.

ქალაქ ჩანჯოუს სასამართლოს განცხადებით, იან იულინის ქმედებები იყო “ექსტრემალურად მძიმე ხასიათის” და მან “განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს”.

BBC წერს, რომ ჩინეთში ეკონომიკური დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა იშვიათია, თუმცა მას მაინც მიმართავენ, როდესაც ქრთამის მოცულობა 1 მილიარდ იუანს აჭარბებს. მაგალითად, 2021 წელს სიკვდილით დასაჯეს ფინანსური სექტორის ყოფილი ხელმძღვანელი ლაი სიაომინი (1.8 მლრდ იუანი), ხოლო 2024 წელს — შიდა მონღოლეთის ყოფილი ჩინოვნიკი ლი ძიანპინი (3 მლრდ იუანზე მეტი).

BBC-ის ცნობით, მსჯავრდებულებს სასჯელს უმსუბუქებენ ან პირობით სიკვდილის განაჩენს უცვლიან სამუდამო პატიმრობით, თუ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სხვა დამნაშავეებს ასახელებენ. იან იულინმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, დანაშაული აღიარა და მოინანია კიდეც, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი დანაშაული იმდენად მძიმე იყო, რომ ეს შემსუბუქების საფუძველი ვერ გახდებოდა.

← მთავარი