პლანეტა არმაგედონის ზღვარზე: რატომ სჯერა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მოაზროვნეს, რომ ბირთვულ აპოკალიფსს ვუახლოვდებით?
თავის ახალ, შემაძრწუნებელ წიგნში “85 წამი შუაღამემდე” თეორეტიკოსი ფიზიკოსი კარლო როველი ამტკიცებს, რომ ჩვენ კვლავ უფსკრულის პირას ვართ და ამჯერად, ლიდერებს ქრონიკულად აკლიათ კენედისა და ხრუშჩოვის მსგავსი გონიერება. მაშინ, რატომ გამოდის თავის ნაშრომში ფიზიკოსო შეიარაღების წინააღმდეგ? ეს კითხვა ჯობია თავად როველის დავუსვათ, მის წიგნს ხომ ქვესათაურად ეს აწერია: “ფიზიკოსის არგუმენტი ხელახალი შეიარაღების წინააღმდეგ“.
70 წლის როველი, ყავისფერთვალება, კეთილგანწყობილი, ხშირი, ჭაღარაშერეული თმის მქონე ადამიანი, პასუხის გაცემამდე სათვალეს იხსნის. “იდეა, რომ რუსეთის არმია ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სასაცილოა. რუსეთი კიევამდეც კი ვერ მივიდა! რამდენიმე წლის წინ რუსეთზე მსოფლიო სამხედრო ხარჯების 4%, მოდიოდა, ხოლო ნატოზე – 40%. თუმცა, ამავდროულად, რუსეთს 4000-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს, რაც მას პლანეტის უმსხვილეს მფლობელად აქცევს! ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის განადგურებას, რადგან მისი მხრიდან საპასუხო რეაქციას ექნება ადგილი. სამი ბირთვული ზესახელმწიფოდან: რუსეთი, აშშ და ჩინეთი, მხოლოდ ჩინეთს აქვს აღებული ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. რუსეთი, ისევე როგორც აშშ, იტოვებს უფლებას, კონვენციურ თავდასხმებს ბირთვული დარტყმებით უპასუხოს” - ამბობს როველი. ნამდვილი პრობლემა, როველის აზრით, ორმხრივი შიშია.
“ურთიერთნდობის ნაკლებობის გამო, ჩვენ ხაფანგში ვართ გამომწყვდეული და მთვარეულებივით მივყვებით ამ მოდელებს, სადაც ყველანი უფრო მეტად ვიარაღდებით და უფრო აგრესიულები ვხდებით” - ის იხსენებს რამდენიმე კვირის წინ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ამბავს. “ნატოს იარაღით უკრაინელებმა სანქტ-პეტერბურგი დაბომბეს და მოსკოვის დაბომბვაც სცადეს. ანუ, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას ფაქტობრივად ბრიტანელები ბომბავენ. ღილაკს ბრიტანელები არ აჭერენ, მაგრამ ბომბები ბრიტანეთიდან მოდის, ასევე გერმანიიდან და საფრანგეთიდან, შედარებით ნაკლები კი აშშ-დან“.
რატომ იყო მომხდარ ასე საშიში როველისთვის?
“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო რეალურად დაიბომბა. აქამდე არსებული მოცემულობით, თუ ბირთვული იარაღი გაჰქონდა, შენს ქვეყანაში არ იჭრებოდნენ და არ გბომბავენ. თუმცა ეს ასე აღარ არის“. როველი აიძულებს მკითხველს დაფიქრდეს, როგორ გამოიყურება ეს დაბომბვა კრემლის პერსპექტივიდან. მისი მტკიცებით, მოსკოვს დიდი ხანია ეშინია დასავლეთის აგრესიის. გარდამტეხი მომენტი 1962 წელს დადგა, როდესაც ამერიკელებმა ბირთვული რაკეტები თურქეთში განათავსეს. მისი თქმით, სწორედ ამან უბიძგა მაშინდელ საბჭოთა ლიდერს, ხრუშჩოვს, ბირთვული იარაღი კუბაში, აშშ-ის უკანა ეზოში შეეტანა.
მართალია, კუბის სარაკეტო კრიზისის დეესკალაცია ხრუშჩოვმა და აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ მოახერხეს, მაგრამ დასავლეთის შემოჭრის რუსული შიში მაინც რჩება. სწორედ ამიტომ არის, როველის ვარაუდით, პუტინი ასე შეშინებული უკრაინის ნატოში გაწევრიანებით. ეს დასავლეთს საშუალებას მისცემს, ბირთვული იარაღი ამ ქვეყანაში განათავსოს. როველის აზრით, სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო, პუტინმა ოთხი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
როველის სჯერა, რომ ამ რუსულმა აგრესიამ დასავლეთ ევროპაში შიშის ქარიშხალი და ხელახალი შეიარაღებისკენ მოწოდებები გამოიწვია.
“თქვენ ხედავთ საფრანგეთის მთავრობას, რომელიც ამბობს, რომ ფრანგები კვლავ მზად უნდა იყვნენ საკუთარი შვილების გასაწირად; ბრიტანეთის მთავრობას, რომელიც ამბობს, რომ ომისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ის შეიძლება მოხდეს; გერმანიის მთავრობას, რომელიც ამბობს, რომ სკოლებში ეს ანტისაომარი განწყობები არ არის კარგი, განათლება უნდა შევცვალოთ და ომი უფრო მისაღები გავხადოთ. ეს ყველაფერი მოტივირებულია იმ იდეით, თითქოს რუსეთი ევროპაში იჭრება. ეს სისულელეა“.
მაგრამ განა ზოგჯერ შიში გამართლებული არ არის?
უფრო მეტიც, განა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილი ის არ არის, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო ადრე უნდა მოეხდინათ ხელახალი შეიარაღება, რათა წინ აღსდგომოდნენ ექსპანსიაზე ორიენტირებულ დემაგოგს? დღევანდელ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც მსგავსი საფუძველი აქვს - მიიჩნევს როველი. “ის, რაც ისრაელის აგრესიას კვებავს, არის შიში. ის, რაც ჰამასის აგრესიას კვებავს, არის შიში. ისინი დაგვღუპავენ ღაზაში, თუ აგრესიულები არ ვიქნებით… შიშზე შიშით პასუხის გაცემა, ესკალაცია, ჩემთვის გულისამრევია“.
მაგრამ განა ეს გულუბრყვილობა არ არის?
პუტინი ხომ მხოლოდ შიშით არ მოქმედებს, მას აშკარად ამოძრავებს ისტორიული ბედისწერის გარკვეული დამახინჯებული განცდა უკრაინის მითვისების შესახებ? “ეს აშკარა სისულელეა. თქვენ ქმნით ამ ნარატივებს, რომლებიც ტომობრივ იდეოლოგიას კვებავს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ არ გვინდა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს აქვს რაიმეზე ბუნებრივი ისტორიული უფლება“. კი მაგრამ რატომ უნდა ვუსმინოთ იმას, თუ რას ამბობენ თეორეტიკოსი ფიზიკოსები ხელახალ შეიარაღებაზე? დიახ, როველი საუკეთესო სპეციალისტია მარყუჟოვანი კვანტური გრავიტაციის სფეროში, თეორიული ჩარჩო, რომელიც კვანტურ მექანიკას აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასთან აერთიანებს. ისე ასევე რთული იდეების შესანიშნავი პოპულარიზატორია და ისეთ წიგნების ავტორიცა, როგორიცაა “შვიდი მოკლე გაკვეთილი ფიზიკაში“ და “დროის წესრიგი“. მაგრამ როდესაც საქმე ომსა და რეალურ პოლიტიკას ეხება, თეორეტიკოსი ფიზიკოსებმა ხშირად ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ სრულიად უვიცები არიან. “ჩვენ, ფიზიკოსებმა მართლაც შევქმენით ბირთვული იარაღი. ეს არის ჩვენი მოწამლული საჩუქარი კაცობრიობისთვის. მაგრამ ისტორიულად, მეცნიერების ხმა ბირთვული რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში ეფექტურ როლს ასრულებდა” - ამბობს როველი. მისი მტკიცებით, სწორედ მეცნიერებისა და სხვა ინტელექტუალების გონიერების წყალობით დარწმუნდნენ გორბაჩოვი და რეიგანი, ხელი მოეწერათ 1991 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებისთვის (START), რომელიც ახლა უკვე გაუქმებულია.
თუმცა, ასევე მართალია ისიც, რომ თეორეტიკოსი ფიზიკოსები კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგების მომტანებიც აღმოჩნდნენ. როველის თავისი თანამემამულის, ენრიკო ფერმის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც 1941 წელს ატომის ბირთვის გახლეჩის გზა იპოვა და კაცობრიობას ენერგიის ახალი წყარო მისცა. “მაგრამ ეს საჩუქარი ზედმეტად დიდი აღმოჩნდა, ურანის მცირე ნაწილს შეუძლია გამოათავისუფლოს ენერგია, რომელიც დაანგრევს ქალაქებს, ცოცხლად დაწვავს მილიონობით ადამიანს და გაანადგურებს თავად ცივილიზაციას” - წერს როველი.
“დაფიქრდით იმაზეც, რა მოხდა კოპენჰაგენში 1941 წელს, როდესაც ორი დიდი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, დანიელი ნილს ბორი და გერმანელი ვერნერ ჰაიზენბერგი შეხვდნენ ერთმანეთს. ბორი, რომელიც ამ შეხვედრიდან მალევე ფარულად აშშ-ში გადაიყვანეს, შეხვედრიდან იმ რწმენით წამოვიდა, რომ ნაცისტური გერმანია ომის მოსაგებად ატომურ ბომბს ამზადებდა. აშშ-ში ჩასულმა ბორმა ჰაიზენბერგის მიერ მისთვის გადაცემული ესკიზი წარადგინა და განაცხადა რომ ეს ატომური ბომბის ესკიზი იყო, თუმცა სინამდვილეში დოკუმენტზე მშვიდობიანი ბირთვული რეაქტორი იყო ნაჩვენები. ამის შედეგი კი “მანჰეტენის პროექტი“ აღმოჩნდა, მოტივირებული იმ რწმენით, რომ გერმანია ახლოს იყო ბირთვული ბომბის შექმნასთან, რაც შემდგომში სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა“.
“გაუთვალისწინებელი შედეგი რაც ყოველივე ამან მოიტანა, ხიროსიმასა და ნაგასაკიში 200 000 მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ცოცხლად დაწვა იყო, ეს მოხდა არა იმისთვის, რომ ომი უფრო სწრაფად დასრულებულიყო, როგორ ამას ზოგიერთები ამტკიცებენ, არამედ იმიტომ რომ აშშ-ის ძალაუფლების გრანდიოზული დემონსტრირება მოეხდინა” - წერია წიგნში
შეიძლება იაპონიაში ბირთვული იარაღის ჩამოგდებას სხვა და შესაძლოა, უკეთესი გამართლებაც ჰქონდა?
ფარდობითობის თეორეტიკოს ჯონ ვილერთი, რომელიც მანჰეტენის პროექტზე მუშაობდა აცხადებდა, რომ ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა გამართლებული იყო, რათა თავიდან აეცილებინათ ამერიკელთა სიცოცხლის უზარმაზარი დანაკარგი, რაც გარდაუვალი იქნებოდა კუნძულზე სახმელეთო შეჭრის შემთხვევაში. როველის ადრეული წლები გვეხმარება ავხსნათ მისი ზიზღი ხელახალი შეიარაღების მიმართ. ის სტუდენტობისას ციხეში ჩასვეს იტალიაში სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის გამო. “მე იტალიელი ვარ და ჩვენ გვახსოვს, რომ ფაშიზმი გაიზარდა იმ იდეით, თითქოს ომი მშვენიერია. ომია ის, რაც ჩვენ დიდებულს გვხდის” - ამბობს ფიზიკოსი როველის აზრით, ლიდერების სიბრიყვემ ბირთვული კატასტროფის რისკი კიდევ უფრო გაზარდა. ის ფიქრობს, რომ ყველას ტრამპიდან, პუტინიდან და ნეთანიაჰუდან დაწყებული, ნატოსა და ირანის ლიდერებით დამთავრებული აკლია ის საღი აზრი, რომელიც ხრუშჩოვმა, კენედიმ, გორბაჩოვმა და რეიგანმა გამოიჩინეს, რომელთაგან თითოეულმა, მისი რწმენით, არმაგედონის ზღვრიდან კაცობრიობის უკან დახევას შეუწყო ხელი. წყარო