← მთავარი
სპორტი

კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)

მუნდიალი, ფაქტობრივად, შეუჩერებელ რეჟიმში გრძელდება. გადაჭრით ვერაფერს იტყვი, შუა დღით დაწერილმა ტექსტმა იქნებ საღამოს ფასიც კი დაკარგოს. ყველაფერს თითქოს ვუყურებთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ საუბარი სულ გვჭირდება.

ჩვენი სურვილია, ყველას შევეხოთ და მხოლოდ ვარსკვლავებს არა, მაგრამ მესი, მბაპე, რონალდო თუ იამალი სულ თავს გვახსენებენ - ასეთი დიდების გამო გვიყვარს ფეხბურთი!

ჩემპიონატი გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა და რამდენიმე საღამო მართლაც გამორჩეული იყო. უკვე თამამად შეგვიძლია, წარმატებულები და წარუმატებლები გამოვყოთ.

აღმოჩენა სხვადასხვა კონტექსტში

კაბო-ვერდეს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ თუკი თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს შეიძენ, ნებისმიერი მეტოქისთვის რთულად დასამარცხებელი შეიძლება გახდე და გადამწყვეტი სულაც არ იყოს, ფეხბურთელების გუნდებს შორის რა სხვაობაა. ამის კომპენსირება შეგიძლია, თანაც, ისე, ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიები დაიმსახურო. კონკრეტულ მატჩში მოგებაზე მნიშვნელოვანი იქნებ მათი გულის მოგება იყოს.

23 წლის კაბო-ვერდელმა, სიდნი კაბრალმა არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლი ჯერ ოჯახთან ერთად აღნიშნა, მატჩის შემდეგ კი მათთან ერთად იტირა. ეს იყო გულისწყვეტის, მაგრამ სიამაყის ცრემლები. ამ ფეხბურთელის კარიერის აწყობა საშუალო დონის ევროპულ კლუბებშიც გაუჭირდა და ახლა იქნებ დიდი ტრამპლინი ელის!..

აღმოჩენაა პარაგვაის ნაკრებიც, ამ გუნდმა ითამაშა ისე, როგორც შეეძლო, მაგრამ ის, რაზეც კაბო-ვერდელების შემთხვევაში ვისაუბრეთ, აქ პირიქითაა - მათმა სათამაშო სტილმა ნეიტრალური გულშემატკივრების გული ვერ მოიგო. საქმე მხოლოდ ძალიან დაცვით და ნაკლებად ფანტაზიების მქონე თამაშში არაა, პარაგვაელი ფეხბურთელები ერთგვარ პროვოკაციას მიმართავდნენ. ასე რომ, კარგია როცა გერმანიას არაფერს უთმობ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

რაც შეეხება პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილის შემთხვევაში სხვა ემოციებია. მას ჰქონდა ცხოვრებისეული პრობლემები, გადალახა და დიდებული მუნდიალი ჩაატარა. თანაც, მის მხრიდან არ ყოფილა ის გამოვლინებები, ვინმე ნეგატიურად განეწყოს.

ვოზინია

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი დანიშნულება იქნებ მათი აღმოჩენა იყოს, თვალს ნაკლებად რომ ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი ნამდვილად ვოზინიაა. კაბო-ვერდეს მეკარე 40 წლისაა, ახლა გუნდის მოლოდინშია, მაგრამ მან მოიგო მთავარი - სოციალურ ქსელებში მასზე ყველაზე მეტს საუბრობენ, უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე აქამდე ნებისმიერ სხვა, ექსტრაკლასის მეკარეს.

ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ადრე თუ გვიან მაინც დაფასდება ის, რისთვისაც ბევრი რამ გაიღე!..

დიდების სურვილით

მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ სვლას აგრძელებენ და უკვე მეოთხედფინალში არიან მაროკოსო და ნორვეგიის ნაკრებები. მიუხედავად ფეხბურთელების მაღალი კლასისა, მსგავსი არაგრანდი გუნდების მიმართ ორმაგი მოლოდინია - წარმატებისაც და “ჩაფლავებისაც”. ამ ორმა ეროვნულმა გუნდმა წარმატებას უკვე მიაღწია. აქ უკვე მიღწეულით ტკბობა (მაროკო) ან ვარსკვლავური სტატუსის ერთგვარი შეფერება (ერლინ ჰოლანი, ჰაკიმი) არ გვინახავს, არამედ ახლიდან დამტკიცება იმის, რა შეგიძლია. საქმისადმი ეს დამოკიდებულება ამართლებს!..

მოსალოდნელი კრახი (?!)

ბრაზილიის ნაკრებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მათ გრძნობებზე თამაში არ შეიძლება. ის, რითაც შეგიყვარეს, არ უნდა შეცვალო, ან თუ შეცვლი, შედეგი უნდა მოგცეს. მისი სამწვრთნელო სიდიადის მიუხედავად, კარლო ანჩელოტი ვერ გამოდგა მწვრთნელი, საკადრო პრობლემების პირობებში, ბრაზილიის ნაკრებს ასე მონატრებულ ტიტულს რომ დაუბრუნდებდა. შესაძლოა, ისინი ამისთვის მენტალურად არ არიან მზად და კარლოს მორიგი 4 წელი სჭირდებოდეს, გუნდი საჭირო წარმატებამდე რომ მიიყვანოს. ახლა კი მორიგი ცრემლებია…

ხასიათის სიმტკიცე

ინგლისის ნაკრების შესაძლო ჩემპიონობაზე ხშირად ქილიკია. მექსიკასთან მძიმე ბრძოლაში გუნდმა თითქოს ის ხასიათი გამოავლინა, რაც პლეი-ოფის გზაზე ძალიან უნდა გამოადგეთ - გაუტეხელობა, საკუთარი თავის რწმენა და სიტუაციის კონტროლი. ამას ისეთი ფეხბურთელის თავდაჯერება დაემატა, როგორიც ჯუდ ბელინგემია, საოცარი უნარების კაცი. ასეთი ინგლისი უკვე საინტერესოა, დანარჩენს კი დაველოდოთ!..

ყველაზე საინტერესო მატჩები პლეი-ოფში:

არგენტინა - კაბო-ვერდე 3:2(დ.დ);

პორტუგალია - ხორვატია 2:1;

ინგლისი - მექსიკა 3:2.

ბომბარდირები:

მესი/მბაპე/ჰოლანდი - 7; კეინი - 6.

სავარაუდო ნახევარფინალები:

ინგლისი - არგენტინა;

საფრანგეთი - ესპანეთი.

← მთავარი