← მთავარი
მსოფლიო

1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე

კონტინენტური ამერიკის უძველესი განვითარებული ცივილიზაცია, სავარაუდოდ, ომებისა და ძალადობის გარეშე 1000 წელი არსებობდა. საუბარია კარალზე — დაახლოებით 5000 წლის წინანდელ ქალაქ-სახელმწიფოზე, რომელიც დღევანდელი პერუს ცენტრალურ სანაპიროზე მდებარეობდა. კარალი 1905 წელს სუპეს ხეობაში აღმოაჩინეს, თუმცა თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს შედარებით გვიანდელი დასახლება იყო. მხოლოდ დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ჩატარებულმა რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ქალაქი ძვ.წ. 3000 წლისთვის უკვე არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ კარალის აღმავლობის პერიოდი ძველი ეგვიპტისას ემთხვევა და ამერიკაში ცივილიზაციის განვითარების დასაწყისს ათასწლეულზე მეტით უკან წევს. არქეოლოგებმა კარალში 32 მონუმენტურ ნაგებობას მიაგნეს, მათ შორის 18-მეტრიან პირამიდას (Pirámide Mayor). არსებული მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობდა და იქ მასშტაბური სარიტუალო თუ პოლიტიკური შეკრებები იმართებოდა.

კარალი, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ფოტო: Shutterstock.com

ამის მიუხედავად, კარალში იარაღის ან თავდაცვითი ნაგებობების კვალი არ ფიქსირდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ცივილიზაცია სრულიად მშვიდობიანი იყო და მისი გავლენა არა სამხედრო ძალას, არამედ სავაჭრო ქსელს ეფუძნებოდა. ის წყნარი ოკეანის სანაპიროს, ანდების მთიანეთსა და ამაზონის რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებდა. ომების არარსებობა მოსახლეობას კულტურისა და ხელოვნების განსავითარებლად მეტ დროს უტოვებდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მუსიკას ანიჭებდნენ. ამას იქ აღმოჩენილი ამფითეატრი და ათობით მუსიკალური ინსტრუმენტი ადასტურებს. მათ შორისაა ვარხვისა და კონდორის (ფრინველები) ძვლებისგან დამზადებული ფლეიტები, ასევე ირმისა და ლამას ძვლებისგან შექმნილი სასულე საკრავები.

ფოტო: Shutterstock.com

დაახლოებით 4200 წლის წინ კარალს ძლიერი გვალვა დაატყდა თავს. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს იმავე გლობალური “მეგა-გვალვის” ნაწილი იყო, რომელმაც იმ პერიოდში მესოპოტამიისა და აზიის ცივილიზაციებიც დააზარალა. მოსავლის განადგურებისა და შიმშილის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი გადარჩა და წყლის საძებნელად სხვა ტერიტორიებზე გადასახლდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი პენიკოა, რომელიც კარალიდან დაახლოებით 16 კილომეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს. მეცნიერების აზრით, ეს ქალაქი ძვ.წ. 1800 წლისთვის დაარსდა. იქ აღმოჩენილი მონუმენტური ნაგებობები კარალის არქიტექტურას ჰგავს, ხოლო ზოგიერთ მათგანზე შემორჩენილი ფრიზები (ჰორიზონტალური დეკორატიული კომპოზიციები), სავარაუდოდ, გვალვასა და შიმშილზე გვიყვება. საბოლოოდ, პენიკო დაახლოებით ძვ.წ. 1500 წელს მიატოვეს, რითაც კარალის ცივილიზაციის ისტორიაც დასრულდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.

← მთავარი