← მთავარი
პოლიტიკა

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

Heritage Foundation-ის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯეიმს კარაფანო Independence Avenue Media-სთან საუბრისას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.

Heritage Foundation საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელსაც აშშ-ში კონსერვატიულ მოძრაობაზე გავლენა აქვს.

კარაფანომ საქართველოს მთავრობის პასუხს “სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული” უწოდა.

კარაფანო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს “რეალური შედეგები” აინტერესებს.

“ეს პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხოლოდ შედეგით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს ლამაზი სიტყვები. თუ გსურთ ტრამპ თაუერის აშენება ან ქუჩისთვის ტრამპის სახელის დარქმევა, კი ბატონო, მაგრამ მას სინამდვილეში აინტერესებს არის, თუ სად არის შედეგი და სადაა კონკრეტული მიღწევები.” - განაცხადა მან.

კარაფანოს თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შიდა უკმაყოფილების შეკავება იყო და შემდეგ, როდესაც ისინი დასავლეთში ევროპელებისა და ამერიკელების მიერ კრიტიკის საგანი გახდნენ, ოცნებამ “უბრალოდ მათთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთისა და ჩინეთისკენ უფრო მეტად გადახრა გადაწყვიტა.”

“ასე რომ, დიახ, მთავრობას შეუძლია ძალაუფლება შეინარჩუნოს, ცხადია, არსბეულ პირობებში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, უფრო მარგინალური და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. რეალობა კი ისაა, რომ შუა დერეფანში განვითარება ადამიანებს საშუალებას მისცემს, მიიღონ წვდომა შავ ზღვაზე და გადააადგილონ საქონელი და სერვისები საქართველოს გარეშე. და ეს აბსურდულია. ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელებთან, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ სომხებთან. დროა, საქართველო რეგიონში სრულფასოვანი და პროაქტიული პარტნიორი გახდეს და არა – ცალკე კუნძული.” - აცხადებს კარაფანო.

Heritage Foundation-ის ექსპერტის თქმით, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი, სურს თუ არა რეალური თანამშრომლობა აშშ-სთან.

“საქართველოს მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს. სურთ თუ არა მათ სერიოზულად ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დონეზე? ავიღოთ, მაგალითად, სერბეთი. [სერბები] საქმიანობენ რუსებთან, [სერბები] საქმიანობენ ჩინელებთან, მაგრამ ისინი აგრესიულად ცდილობენ შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას, რადგან ეს მათ ინტერესებშია. მათ ესმით, რომ ეს უბრალოდ არ არის შეერთებული შტატების მხრიდან თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ “რაც გინდათ, ის გააკეთეთ.” საქმე იმაშია, თუ სად არის დადებითი, კონსტრუქციული შედეგები როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე სერბეთისთვის? ასეთია ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან, ასეთია ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან.” -აღნიშნა მან.

კარაფანოს თქმით, “საქართველოს შეუძლია ან შეუერთდეს ამ გზას, ან დარჩეს იზოლირებული და რუსებისა და ჩინელების გულუხვობასა და პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტებზე დამოკიდებული.”

კარაფონო აღნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოს მთავრობის უდიდესი შეცდომა დასავლეთთან ურთიერთობისას “აშშ-სთან საერთო ინტერესის საკითხებზე არ ჩართულობაა.”

“მესმის, რატომ იყო ეს პრობლემური წინა მთავრობის [აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის] დროს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ საქართველოს დასჯით, ევროპელებთან გაერთიანებითა და საქართველოს იზოლაციით იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს არ არის ამ ადმინისტრაციის სტრატეგია. ამ ადმინისტრაციის სტრატეგია ჩართულობაა. ასე რომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთანაც.” - განაცხადა მან.

თუმცა, კარაფანო ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების მოგვარება არ არის აშშ-ს პასუხისმგებლობა.

“აშშ არ აპირებს საქართველოს ევედროს, რომ რეალურ საკითხებზე რეალური პარტნიორის მსგავსად ისაუბროს. თუ მათ უბრალოდ ტრაბახი და სხვა რაღაცები სურთ, კი ბატონო. მაგრამ აშშ არ აპირებს, რომ საქართველოს მთავრობას გამოეკიდოს. თუ მათ სურთ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება, კარგი, რადგან აქ სხვა ვარიანტებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც გვაქვს. მეორე მხრივ, თუ მათ სურთ, რომ მსოფლიოზე საქართველოს წვდომა გააფართოვონ და ქვეყანაში მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოტანა, აშშ საუკეთესო ვარიანტია. უბრალოდ ასე მარტივადაა ყველაფერი.”

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს კობახიძის განცხადებაზე პასუხი არ გაუკეთებია.

“ის, რაც საქართველოს მთავრობამ რუბიოს განცხადების პასუხად თქვა, სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიულია, თუმცა, საგულისხმოა, რომ აშშ-ს მთავრობას ამაზე რეაქცია, ფაქტობრივად, არ ჰქონია, არა? ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვართ დაინტერესებული ურთიერთობების ნგრევით და თუ მათ მთელი დღე ამპარტავნება და ქედმაღლობა სურთ, კი ბატონო, კარგ დღეს გისურვებთ.” - აღნიშნა კარაფანომ.

კარაფანომ ასევე ისაუბრა თავის პირად სურვილზე, ​​რომ შუა დერეფანი “დიდი წარმატება” იყოს. მისი თქმით, აშშ მოხარული იქნებოდა, თუ საქართველოს შუა დერეფნის განვითარებაში “უფრო ძლიერი კონტრიბუტორი” გახდება.

“რა სარგებელი მოაქვს აშშ-სთვის? მოდით, ვიყოთ გულახდილები. რაც უფრო მეტ სივრცე არსებობს, სადაც რუსები, ჩინელები და ირანელები არ ერევიან, მით უფრო მარტივი იქნება ეს აშშ-სთვის, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის გლობალური წვდომის მოპოვება და მით უფრო ადვილი იქნება მეგობრებთან და პარტნიორებთან მუშაობა.” - განაცხადა მან.

ამას გარდა, კარაფანომ განიხილა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების.

“იცით, ეს ამერიკის პრობლემა არ არის. ეს საქართველოს პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა, ჩინელები საქართველოთი დიდად არ არიან დაინტერესებულნი. ისინი დიდად არ არიან დაინტერესებულნი დიდი ფულის ფლანგვით. ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს ადვილია. თითქოს ქვეყნის სულს ყიდი მცირე ფულზე, რომ რეალურად არაფერი მოიგო. საბოლოო ჯამში, ჩინელები საქართველოსთვის არაფერს გააკეთებენ. მათ უკრაინის ომში რუსებს არ დაუჭირეს მხარი. მათ ირანელებს არ დაუჭირეს მხარი ირანის ომში. მათ არავის არ დაუჭირეს მხარი. ამიტომ, სანამ საქართველოში მარტივი ფული და გავლენაა, ჩინელები ამაზე იზრუნებენ.” - თქვა მან.

მისივე თქმით, აშშ არ აინტერესებს, ურთიერთობს თუ არა საქართველო ჩინეთთან, რადგან ეს საქართველოს მოსაგვარებელი საკითხია.

“ვასალურ სახელმწიფოდ მოგექცევიან და სულ უფრო მეტად ასე იქნება. საქმე იმაშია, რომ ეს აშშ-ს საპირწონე არ არის. აშშ-ს ეს არ აინტერესებს. თუ საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს, კარგ დღეს გისურვებთ. ჩვენ საქართველოს გამო არ ვაპირებთ ჩხუბს. ამიტომ, ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება ან ჩინელების წინაშე თავის დახრა [არ იმუშავებს].” - განაცხადა კარაფანომ.

მან ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოების მცდელობებზე, მათ შორის, “დიფ-სთეითის” ნარატივის გამოყენებითაც. 

“პირველ რიგში, ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია და ამ ადმინისტრაციისთვის უმნიშვნელოა, როდესაც საქმე რეალურად მთავრობათაშორის ურთიერთობებს ეხება, რაც პრაგმატიზმს ემყარება.[…] და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ან მთავრობის სრულ უმწიფრობასა და იზოლირებულობაზე მიუთითებს, ან, იმაზე, რომ მათ არ ესმით, როგორ მუშაობს სამყარო და როგორ მუშაობს შეერთებული შტატები. ან, იცით, შეიძლება ცუდი ლობისტები ჰყავდათ. არ ვიცი, მაგრამ ეს იყო სტრატეგია, რომელიც აბსოლუტურად განწირული იყო წარუმატებლობისთვის.” - აღნიშნა კარაფანომ.

მისი თქმით, ტრამპს აინტერესებს მხოლოდ მდგრადი თანამშრომლობა და არა ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს.

“თუ დააკვირდებით აშშ-სთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, ეს არ არის ის ხალხი, ვინც დონალდ ტრამპზე კარგ რაღაცებს ​​ამბობს. ეს არის ის ხალხი, ვინც დონალდ ტრამპთან ურთიერთობს. ის ხალხი, ვინც მოლაპარაკებებს აწყობს და აშშ-სთან პარტნიორობას ამყარებს. ესენი არიან ის ხალხი და არა ისინი, რომლებიც ისეთ წერილებს წერენ, როგორიცაა: “ჩვენც გვძულს დიფ-სთეითი”. დონალდ ტრამპს ეს არ აინტერესებს. თქვენ ვერაფერს იზამთ დიფ სთეითთან დაკავშირებით. იცით, ჩვენ არ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც MAGA-ს მაისურებსა და ქუდებს ატარებენ. ჩვენ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან იმუშავებენ. სწორედ ამას ვეძებთ.” - განაცხადა მან.

კარაფანომ ასევე დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებზეზ ისაუბრა და განმარტა, აქვს თუ არა აშშ-ს როლი ამ საკითხების მოგვარებაში.

“მაგალითად, ბელარუსში დისიდენტები გავათავისუფლეთ ციხიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებიც. ეს საუბრის არასასიამოვნო ნაწილია, მაგრამ არ არის იგნორირებული. და კიდევ ერთხელ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ დემოკრატიას ვუჭერთ მხარს ან [ვამბობთ, რომ] თქვენც ჩვენსავით უნდა იყოთ. ეს ურთიერთობაში უბრალოდ ჯანსაღი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამ საკითხს ჩინეთთანაც ვაყენებთ. არ არის ჯანსაღი, თუ გყავთ ბიზნესები, რომლებიც მონურ შრომას იყენებენ. არავის სურს [ასეთი] პროდუქცია და ამაზე ეკონომიკის დამყარება შეუძლებელია. ასე რომ, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი აზრით, ეს ორივე მხარისთვის კარგია.” - განმარტა მან.

ინტერვიუში კარაფანომ საქართველოს ოპოზიციასაც მიმართა:

“ამგვარად, არარეალისტურია, აშშ-ს იმის გაკეთება სთხოვო, რისი გაკეთებაც თავადვე არ შეგიძლია და ვერც გააკეთებ. თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: ‘უბრალოდ მოდით და უთხარით, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ზეწოლა მოახდინეთო,’ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. და არ ვაპირებთ დისიდენტების დაფინანსებას, რათა კონფერენციები ჩაატარონ, ირბინონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიონ.” - აღნიშნა კარაფანომ.

“ჩვენ არავის პრობლემების მოგვარებას არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ მთავრობასთან მისვლას და იმის თქმას, რომ ‘ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიომ თქვენი ყველა შიდა პრობლემა უგულებელყოს.’ ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციასთან მისვლას და იმის თქმას, რომ ‘ჩვენ მოვაგვარებთ თქვენს ყველა საჩივარს, საკითხსა და პრობლემას.’ არ ვაპირებთ არცერთი მხარის გაბედნიერებას. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს პრაგმატული საქციელია შეერთებული შტატებისთვის. ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. ასევე, ჩვენი საქმე არ არის იმ საკითხების იგნორირება, რომლებიც ზიანს აყენებენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ჩვენი პარტნიორის, წარმატებას. ეს არის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.” - განაცხადა მან.

კარაფანომ ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლზეც, რომელიც, მისი თქმით, “სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების წარმატების გამო, ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.”

“ვფიქრობ, საქართველო სულაც არ არის ისეთი კრიტიკული ფიგურა, როგორიც ორი წლის წინ იყო, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. თუმცა, ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა თუ არა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით.” - თქვა მან.

კარაფანოს თქმით, აშშ-ს ყურადღების მიქცევის გზა პროაქტიული ნაბიჯები და ისეთი საკითხების განხილვაა, რასაც ორივე მხარისთვის კონსტრუქციული შედეგები ექნება.

“თუ საქართველოს მთავრობამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან. და თუ ისინი ამის შესაბამისად არ იმოქმედებენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ. პასუხი კი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ გვერდს ავუვლით მათ. იცით, ჩვენ უკვე გვაქვს ჯორჯია. ეს არის შტატი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ჯორჯია ჩვენს ფლორიდასა და ალაბამას შორის. ჩვენ გვინდა პარტნიორი და თუ ის პარტნიორი არ არის, მაშინ ეს უბრალოდ ქვეყანაა, რომელსაც ჩვენ გვერდით ჩავუვლით.” - განაცხადა კარაფანომ.

კარაფანოს მიხედვით, ერთადერთი გზა, რომ საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობები აღადგინოს და ბიძინა ივანიშვილს სანქციები მოეხსნას, მთავრობის მხრიდან აშშ-სთვის “რეალური შედეგების” შეთავაზებაა.

“ამისთვის საქართველოს მთავრობას რეალური პაკეტის წარდგენა დასჭირდება, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს. სწორედ ეს არის საჭირო. აშშ არასდროს მოხსნის სანქციების მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლილების დაპირების გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ მას [პრეზიდენტ ტრამპს] სასიამოვნო წერილს გაუგზავნიან. ბურთი [საქართველოს] მთავრობის მოედანზეა. ეს უნდა იყოს თბილისის ინიციატივა, რათა საქმე წინ წავიდეს.”

← მთავარი