კანადელ სტუდენტს ADHD-ის მედიკამენტით საქართველოში შემოსვლისთვის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
22 წლის კანადელი სტუდენტი საიმონ როვენსკი, ვანკუვერიდან, საქართველოში შემოსვლის მომენტში დააკავეს — მას ADHD-ის სამკურნალო პრეპარატი ადერალი ჰქონდა, კანადელი ექიმის მიერ დანიშნული, მაგრამ ქართული კანონმდებლობით სავალდებულო ადგილობრივი რეცეპტის გარეშე.
GoFundMe-ის საიტზე ოჯახის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, როვენსკი მეგობართან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ადერალი ნარინჯისფერ ბოთლში ჰქონდა, ზედ ექიმის სახელი და ქვითარი. „ვინაიდან საიმონმა არ იცოდა, რომ ადერალი საქართველოში აკრძალულია, მას აეროპორტში დეკლარაცია არ შეუვსია.”
საზღვარზე გაჩერების შემდეგ ახალგაზრდებს „მრავალსაათიანი დაკითხვა და დამამცირებელი პირადი ჩხრეკა” დაუდეს. ოჯახის ინფორმაციით, „ულტრაინვაზიური შემოწმება” ჩაატარა საზღვრის მებაჟე-ოფიცერმა.
ახლა როვენსკის ბრალად ედება ნარკოტიკების ფართომასშტაბიანი კონტრაბანდა და უკანონო შეძენა-შენახვა — ეს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის თბილისის გლდანის ციხეში იმყოფება, სასამართლო 25 ივნისსაა.
ოჯახის ადვოკატი ამბობს, „დამკვიდრებული პრაქტიკა” ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოსთვის 30 000–45 000 დოლარის გადახდა და შემდეგ გათავისუფლება-დეპორტაციაა. კანადის საელჩომ ოჯახს უთხრა, სასამართლო პროცესში ვერ ჩაერევა.
პარტია „ფედერალისტების” ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, ადერალი FDA-ს დამტკიცებული პრეპარატია, ADHD-ის სამართავად ჩრდილოეთ ამერიკაში სავსებით ჩვეულებრივ ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. „საქართველოში კი ექიმები ამ ტიპის პრეპარატების დანიშვნას ხშირად ერიდებიან, რადგან ლიცენზიის ჩამორთმევა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ”, — განმარტა სიხარულიძემ.