ბრიტანეთის პოლიციამ გაათავისუფლა ყოფილი მინისტრის მკვლელობის ეჭვით დაკავებული კაცი
ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ გაათავისუფლა 26 წლის კაცი, რომელიც ცოტა ხნით ადრე დააკავეს ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მინისტრის, ენ უიდიკომბის მოკვლის ეჭვის საფუძველზე. ეს პირი აღარ არის გამოძიების ნაწილი - აცხადებს პოლიცია.
Reuters-ის ცნობით, დაკავებული იყო ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ის პოლიციამ ნიუტონ ებოტში დააკავა - რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრითაა მოშორებული ინგლისის სამხრეთდასავლეთში მდებარე ჰეიტორისგან, სადაც უიდიკომბი ცხოვრობდა.
პოლიცია ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ 78 წლის პოლიტიკოსის მკვლელობა ტერორიზმთანაა დაკავშირებული, ან პოლიტიკური მოტივით განხორციელდა.
პოლიცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით თავდასხმა ოთხშაბათს მოხდა. გამოიძიება გრძელდება.
უიდიკომბის სახლში პოლიცია გამოიძახა სასწრაფო დახმარებამ. ყოფილი მინისტრი გარდაცვლილი იპოვნეს, მძიმე ჭრილობებით.
პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ თეთრკანიანი კაცია, და რომ მათი აზრით ფართო საზოგადოებას მისი მხრიდან არ ემუქრება საფრთხე.
ენ უიდიკომბი კონსერვატიული პოზიციებით იყო ცნობილი. ის ჯერ უმცროსი მინისტრი იყო კონსერვატორი პრემიერის, ჯონ მეიჯორის 1992-1997 წლების მთავრობაში, მოგვიანებით იყო იმიგრაციისა და სამართლის საკითხების პრესმდივანი ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტური ორიენტაციის ძალაში Reform UK.
უიდიკომბმა კათოლიციზმი მიიღო ნაწილობრივ პროტესტის ნიშნად ინგლისის ეკლესიის მიერ მღვდლებად ქალების კურთხევის გამო. ის იყო ორსული პატიმრებისთვის მშობიარობისას ბორკილების დადების მომხრე, რათა ისინი არ გაქცეულიყვნენ, მარტოხელა დედებს მიიჩნევდა ცუდ მისაბაძ მაგალითებად. ამავე დროს, რაც კონსერვატორი კანონმდებლისთვის უცნაურია, ის იყო მელიებზე ძაღლებით ნადირობის მოწინააღმდეგე.
პარასკევს მისი სიკვდილის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ ენ უიდიკომბის ხსოვნას პატივი მიაგეს ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა. ნაიჯელ ფარაჯმა უიდიკომბი დაახასიათა “არაორდინარულ ქალად”.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოკლულ იქნა ბრიტანეთის პარლამენტის ორი მოქმედი წევრი. ლეიბორისტი ჯო კოქსი 2016 წელს, ბრექსიტის კამპანიისას მოკლა ნაცისტური იდეებით შეპყრობილმა პირმა. კონსერვატორი დევიდ ეიმისი 2021 წელს იმსხვერპლა ექსტრემისტული დაჯგუფების, “ისლამური სახელმწიფოს” მომხრე კაცმა.