← მთავარი
პოლიტიკა

ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს

3 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს

2 ივლისს, ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში, მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა (APPG on Media Freedom) გამართა შეხვედრა თემაზე: “მედიის თავისუფლება საქართველოში და მზია ამაღლობელის საქმე”. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანელი პარლამენტარები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოისმინეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის მდგომარეობაზე საქართველოში, ირმა დიმიტრაძისგან (“ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” ჟურნალისტი და კომუნიკაციების მენეჯერი), კილან გალაჰერისგან (ადამიანის უფლებათა ადვოკატი და მზია ამაღლობელის საერთაშორისო დამცველი) და ფიონა ო’ბრაიენისგან (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში).

ბრიტანელი პოლიტიკოსი და კონსერვატიული პარტიის წევრი ჯონ უიტინგდეილი მინისტრებს მოუწოდებს, “გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რათა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი”.

“წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმა სულ უფრო ძლიერდება. გაერთიანებულ სამეფოს ამ საკითხში აქვს როგორც გავლენა, ისე პასუხისმგებლობა. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში სანქციებიც დავაწესოთ. მინისტრებს მოვუწოდებ, გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რათა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, გაუქმდეს მის წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და პასუხისგებაში მიეცნენ ჟურნალისტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები”, — აცხადებს ჯონ უიტინგდეილი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ბრენდან ო’ჰარა ამბობს, რომ “ბრიტანეთი მტკიცედ უნდა დაუდგეს გვერდით ამ ადამიანებს საქართველოში, რომლებიც ყველაფერს რისკავენ დემოკრატიისა და თავისუფალი მედიის დასაცავად”.

“მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და ჩემს საპარლამენტო კოლეგებსაც მოვუწოდებ იგივე გააკეთონ, რომ ზეწოლა მოვახდინოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ არანაირი ფორმით არ ვიქნებით თანამონაწილენი იმ სახიფათო პროცესში, რომელსაც დღეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ჰქვია”, — ამბობს ბრენდან ო’ჰარა.

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველის, კეოილფიო გალაგერის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე “მიზნად ისახავს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის გაჩუმებას და დანარჩენი ჟურნალისტებისთვის მუქარის გაგზავნას”.

იმ ადამიანთაგან ბევრს, ვინც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზეა პასუხისმგებელი, გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს, მათ შორის უძრავი ქონება, ინვესტიციები და ოჯახური კავშირები. ეს ბრიტანეთს ანიჭებს როგორც გავლენას, ისე პასუხისმგებლობას. მზია ციხეში არის იმიტომ, რომ პოლიციელს თავს დაესხა, ის ფაქტობრივად ჟურნალისტობისთვის არის დაპატიმრებული. მისი საქმე მიზნად ისახავს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის გაჩუმებას და დანარჩენი ჟურნალისტებისთვის მუქარის გაგზავნას”, — ამბობს უფლებადამცველი.

სტატიაში გამოყენებულია “ტვ პირველის” თარგმანი.

← მთავარი