ბრიტანეთმა სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია შეიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში დაფუძნებული სამი კომპანია: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC.
„ჩვენ ზომებს ვიღებთ სამი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ,” — ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ეს ნაბიჯი ბრიტანეთის ფართო კამპანიის ნაწილია კრიპტო და არალეგალური ფინანსური ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
Arvix LLC სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს დარეგისტრირდა. ამჟამად ცნობილია, რომ სამივე კომპანია საქართველოში ოფიციალურად ფუნქციონირებდა, თუმცა ბრიტანეთის შეფასებით, მათი ფინანსური ოპერაციები ფაქტობრივად რუსული ინტერესებს ემსახურებოდა.
სანქციები გულისხმობს ამ კომპანიების ქონების გაყინვას და მათთან ბიზნეს-ოპერაციების აკრძალვას ბრიტანეთის იურისდიქციაში.