ბრიტანეთმა და საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმა დაბლოკეს
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა NATO-ს ახალი ინიციატივა ჩაშალეს, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მშპ-ის დამატებით 0,25%-ის გამოყოფას ავალდებულებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ინიციატივა ალიანსის სამიტზე აღარ წარდგება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს წინადადება წარდგენილი იქნება”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
ვინ ბლოკავდა
ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე შვიდი წევრი სახელმწიფო, რომლებიც უკვე ხარჯავენ 0,25%-ზე მეტს, ინიციატივას მხარს უჭერდნენ — თუმცა NATO-ში გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.
ალიანსის ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ მოწინააღმდეგეებად სახელდება ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა.
ბრიტანეთის პოზიცია
ბრიტანეთი კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც შეარბილა სანქციები რუსული ნავთობ-გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „ყველა წინადადების განხილვას აგრძელებს, რათა ალიანსმა უკრაინის მხარდაჭერა საუკეთესოდ შეძლოს”.
ბრიტანეთი — აშშ-ისა და გერმანიის შემდეგ — უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დამხარეა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიარდ ფუნტს ჰპირდება (მშპ-ის დაახლოებით 0,1%).
რუტეს პოზიცია
„უკრაინის დახმარება NATO-ში თანაბრად არ არის განაწილებული — ბევრი ქვეყანა საკმარის თანხას არ ხარჯავს”, — განაცხადა გენ. მდივანმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მოუწოდა: „ძალიან მსურს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინაზე ასე კარგად საუბრობენ, თავიანთი სიტყვები ფინანსებით გაამყარონ”.