ბოჭორიშვილმა და სიბიჰამ საქართველო-უკრაინის „დიალოგსა” და „ნორმალიზაციაზე” ისაუბრეს”
„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 6 მაისს ტელეფონით ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი კიევის ინიციატივით გაიმართა.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს,” — განაცხადა ქართულმა სამინისტრომ.
სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა „კონსტრუქციული დიალოგი” აღნიშნეს და „ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე” შეთანხმდნენ. „მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნებლად,” — დაწერა სიბიჰამ.