← მთავარი
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან

10 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
“ბორჯღალოსნები” რევანშისთვის სამოასთან

მონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ჩილეში ჩავიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან.

პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდები 11 ივლისს, საქართველოს დროით 23 საათზე სამოას ვინა დელ მარიში შეერკინებიან.

ვინა დელ მარი ჩილეს ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა 335 ათასს შეადგენს. ის ჩილეს სიდიდით მეოთხე და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

თამაში „საუსალიტო სთედიუმზე“ გაიმართება, რომელიც 1929 წელს აშენდა და 2015 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მრავალფუნქციური სტადიონი 21 754 მაყურებელს იტევს. ის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, ‘ევერტონის’ საშინაო არენაა. 1962 წელს „საუსალიტო სთედიუმზე“ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 8 თამაში გაიმართა. მანვე უმასპინძლა 1991 და 2015 წლების კოპა ამერიკას შეხვედრებს.

სამოა კვირაზე მეტია ჩილეში იმყოფება. ერთა თასის პირველ ტურში ის სანტიაგოში ჰონკონგს შეხვდა და 66:19 დაამარცხა. სამოამ მეტოქეს 10 ლელო გაუტანა და 8 გარდასახვა შეასრულა, თავად კი სამი ლელო გაუშვა.

ჩვენ და სამოა

საქართველოს სამოას წინააღმდეგ აქამდე 6-ჯერ უთამაშია, საიდანაც სამში გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორში კი კუნძულელებმა იმარჯვეს.

“მანუ სამოას” პირველად ჩვენთვის სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში შევხვდით და მეტოქემ დიდი უპირატესობით, 46:9 იმარჯვა. მეორედ სამოას 2013 წელს “მიხეილ მესხზე” შევერკინეთ და იმხანად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფ გუნდთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ - 16:15.

2016 წელს სამოას კუნძულებზე ვეწვიეთ და აპიაში ფრედ, 19:19 ვეთამაშეთ. ამის შემდეგ სამოელები სამჯერ გვეწვივნენ საქართველოში. 2016 მათ „მიხეილ მესხზე“ 20:16 ვაჯობეთ, 2018 წელს კი, „ავჭალაზე“, 3:19 ჩამორჩენის მიუხედავად თამაში შემოვატრიალეთ და 27:19 გავიმარჯვეთ.

სამოას ბოლოს 2022 წელს „დინამო არენაზე“ დავხვდით და დაძაბული მატჩი სტუმრებმა 20:19 მოიგეს. ამრიგად, ბორჯღალოსნებს ოთხი წლის წინანდელისთვის რევანშის აღების შანსი აქვთ, რაც მათ ერთა თასზე ლიდერობის გამყარებაშიც დაეხმარება.

მოცემული მომენტისთვის სამოა მსოფლიო რაგბის რეიტინგში 66,90 ქულით მე-18 ადგილზეა, საქართველო კი 72,67 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

← მთავარი