ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში დედამ 7 წლის შვილი მოკლა — ახალი დეტალები
ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში 1 ივნისს ტრაგედია დატრიალდა: 42 წლის ქალმა, სვეტლანა ახმადოვამ, 7 წლის ვაჟი ფარუხ ახმედოვი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ქალმა დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა, Ambebi.ge-ს ცნობით, მომხდარი ამბის დამალვა სცადეს. ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, მალევე ცნობილი გახდა.
მოკლული ფარუხი სოფლის სკოლა „გეტაში” სწავლობდა. სკოლის დირექტორი ამბობს:
„ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ფარუხი. რატომ უნდა მოეკლა შვილი — ვერ ავხსნი. შეიძლება ფსიქიკური მდგომარეობა იყოს მიზეზი, სხვა ახსნა არ მოდის. ძალიან განვიცდით მომხდარს.”
ფარუხის სკოლამ სამძიმარი გამოაქვეყნა: „ფარუხ, ჩვენო საოცარო! ტირის შენი სკოლა!”
სვეტლანა ახმადოვა აზერბაიჯანის მოქალაქეა; ბავშვის მამა — საქართველოს. ოჯახს კიდევ ჰყავს სხვა შვილები.
შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით — განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში — წარიმართება. ამ მუხლით სასჯელია 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.