ბოლნისში 7 წლის ბავშვის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალი 7 წლის შვილის მოკვლის ბრალდებით 1 ივნისს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს ბრალდებულმა საკუთარ 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე” და „კ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს პატიმრობის შეფარდებაც მოეთხოვება.
რეგიონული მედიის ინფორმაციით, ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. არაოფიციალური ცნობებით, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.