პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო არაა - ბოკუჩავა ჟორჟოლიანისთვის თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე თინა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში პარტიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი ბოკუჩავას განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთების შესახებ სოციალური ქსელიდან არ გაუგია. მისი თქმით, წერილი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მიწერა, “მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ მოეწერა ჩემთვის, ვიდრე ფეისბუქზე დაიწერებოდა.”
თინა ბოკუჩავას ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი აიღებს თუ არა თავმჯდომარეობის “უდიდეს პასუხისმგებლობას.”
“იმავე პოსტში, სადაც სააკშვილმა ისაუბრა სიაახლეების, განახლების და რეფორმების აუცილებლობაზე მან კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ ცვლილებების განხორციელებაში, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მადლიერი ვარ ამ ნდობის მანდატისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, მე ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული.
ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ, პარტიის შიგნით, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილთან, რომლის ჩართულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება. ყოვლად მიუღებლად, პოლიტიკურად და ეთიკურად გაუმართლებლად მიმაჩნია, ისე მოვახდინოთ პოლიტსაბჭოს რეფორმირება, რომ აზრი არ ვკითხოთ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს.”
მოგვიანებით, ინგა გრიგოლიამ კვლავ ჰკითხა სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, პარტიას შემოუერთდეს ნანუკა ჟორჟოლიანი, “რომელსაც თავმჯდომარეობა შესთავაზა”, რაზეც ბოკუჩავამ თქვა, რომ “ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია…”
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, არ სჯერა რომ სააკაშვილმა ჟორჟოლიანს შესთავაზა თავმჯდომარეობა? ბოკუჩავამ უპასუხა - “მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ. პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო.”
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
“ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი.”
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.