ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხებზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში 28-29 სექტემბერს გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხებს ეძღვნებოდა. კონფერენციის ფარგლებში მან კანადის ოფიციალურ პირებთან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.
კონფერენციამ, რომლის თანაორგანიზატორებიც კანადა, უკრაინა და ნორვეგია იყვნენ, საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები შეკრიბა. ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ პირთა დასაცავად და დაბრუნებულთათვის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
29 სექტემბერს ბოჭორიშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ანანდთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანანდთან შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“.
საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, „შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით“.
ვიზიტის ფარგლებში, ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმედ ჰუსენს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო „ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების პროცესში საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს“. ამავე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.