ბოჭორიშვილი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართულ-უკრაინური ურთიერთობების გამოწვევებს
საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას შეხვდა — ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ხელისუფლებათა შორის გამართული კომუნიკაციების შემდეგი ნაბიჯი.

საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის — უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ნორმალიზების პროცესს აბრკოლებს. ასევე განხილულ იქნა საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. მხარეებმა ურთიერთდამოკიდებულებების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს.
უკრაინის მინისტრმა სიბიჰამ სოციალურ ქსელში შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის დიალოგის პირდაპირ გაგრძელებად შეაფასა. მისივე სიტყვებით, განიხილეს ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ასევე — ორი ქვეყნის თანამშრომლობა GUAM-ის ფარგლებში და პოლიტიკური დინამიკა ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე გადაჭიმულ სივრცეში.
„ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას”, — დაწერა სიბიჰამ.