ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს სხდომაზე: ჟურნალისტებს მოლდოვაში შესვლა აეკრძალათ, საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომაზე, კიშინიოვში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სამი ქართული ტელევიზიის — „იმედის”, „რუსთავი 2”-ისა და PosTV-ის — ჟურნალისტებს ქვეყანაში შესვლა და სხდომის გაშუქება ვერ მოახერხეს.
„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა” — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ვიცეპრემიერმა ევროდასავლეთს ორმაგ სტანდარტებს ედავება: „თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე” წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; ქართველი ხალხის მხარდაჭერის მტკიცება და ამავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება. კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავდროს სამართლის გვერდის ავლის გზების ძიება. „პრორუსულის” იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე პოლიტიკური შეფასება კი არ არის, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა.”
ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: „ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე საერთაშორისო სასამართლოებმა, მათ შორის ECHR-მა, დაადასტურეს. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ ახდენს საქართველოს რეგიონების ანექსიას — ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობის” ხელშეკრულება.”
სხდომის გახსნაზე ბოჭორიშვილმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ: „ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც ევროპის საფუძველს არყევს. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება.”
მოლდოვის საგარეო უწყება ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციაზე უარს ფორმალური წერილით ხსნის — კომენტარი ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შესახებ, მისი განმარტებით, შიდა პროცედურების ფარგლებს სცილდება.