ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა. “შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები. რაც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას”, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება და ევროკავშირის მხარე მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს. “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს”, — აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ევროკომისიის პრესსპიკერ მარკუს ლამერტის თქმით, შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის იყო, აღნიშნული მოლაპარაკებები სავიზო რეგულაციით გაწერილ სტანდარტულ წესს წარმოადგენს, რომელიც ავტომატურად მაშინ იწყება, როდესაც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია. რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც “საკმაოდ უშედეგოს” “მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი” — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე