უმთავრესი პრიორიტეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა - ბოჭორიშვილი ანკარაში
მან ასევე თქვა, რომ რეგიონისა და საქართველოს მიმართ იცვლება დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გათვალისწინებით.
ბოჭორიშვილმა მონაწილეობა დისკუსიაში, სათაურით „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“. უშუალოდ სამიტზე ქართული მხარე არ ყოფილა წარმოდგენილი.
„პარტნიორობა“
მან განაცხადა, რომ ნატომ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო საქართველო აქტიურად იყო ჩართული ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში.
„ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგსა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში“, - თქვა მან.
ამის „საკმარის“ მაგალითად მან დაასახელა ავღანეთის მისია, სადაც, მისი სიტყვებით, „საქართველო, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო“.
„სტაბილურობა“
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა „საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“ და თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის „მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“.
მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობით ოკუპაციაზე და თქვა, რომ ეს „არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“.
„საქართველოს პასუხი ოკუპაციასა და კონფლიქტზე ნათელია - ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო გზას კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებად“, - განაცხადა მან.
„მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.
იქვე ისაუბრა „ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის“ საფრთხეებზე და ამ კონტექსტში განაცხადა:
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტაბილურობა. მისი შენარჩუნება დღეს სულ უფრო რთულ ამოცანად იქცა, რადგან ვცხოვრობთ ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების ეპოქაში.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაჭარბებული საგარეო გავლენის შეზღუდვა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.
„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში მიიღეს რიგი კანონებისა და შეზღუდვებისა, რისი გაცხადებული მიზანიც „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა“ იყო;
მსგავსი ცვლილებების ძირითად სამიზნეს დასავლეთიდან დაფინანსებამიღებული დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები მოხვდნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას „დემოკრატიული უკუსვლის“ შეჩერებისა და რეფორმების გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
„დამოკიდებულება იცვლება“
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც და აღნიშნა, „სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული როლი მნიშვნელოვნად იზრდება“.
„რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დამოკიდებულება შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ იცვლება,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობასაც და „შუა დერეფნის“, - მისი თქმითვე, - მზარდ როლს.
„ჩვენს რეგიონში არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები და სატრანსპორტო დერეფნები დღეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა“ - თქვა მან.
ნატოს სამიტი ანკარაში
ნატოს (რიგით 36-ე) სამიტს თურქეთი 2004 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება 7-8 ივლისს დედაქალაქ ანკარაში იმართება.
სამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის ინდუსტრიის საკითხები და უკრაინის დახმარების საკითხი.
ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა სამიტის პირველ დღეს უკვე გამოაქვეყნეს ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გარიგებები;
ამით მათ ხაზი გაუსვეს აშშ-ის მოწოდებებს, მეტი დახარჯონ ევროპის დასაცავად, - მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია;
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კი განაცხადა, რომ ევროპელებმა თავდაცვის ხარჯები „გასაოცრად“ გაზარდეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტის პროგრამის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ალიანსის 32 წევრი ქვეყნების გარდა მიწვეულნი არიან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
ის ღონისძიება კი, რასაც მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო, გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით.